ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა როგორც მონტენეგროსთვის ასევე ბელარუსისთვის, რადგან ორი ტურის შემდეგ, მათ ორ-ორი ქულა ჰქონდათ, მთავარ ეტაპზე გადასასვლელად კი ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი. და მაინც, ბელარუსის მდგომარეობა სჯობდა, რადგან ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა საქმე ფრით და ბურთების უკეთესი სხვაობით გაძრომაზე არ მიმდგარა — ბელარუსმა 36:27 მოიგო და ახლა მთავარი რაუნდის სათამაშოდ ვენას მიემგზავრება. ერთი ეგაა, მთავარ რაუნდში ქულა ვერ მიაქვს, რადგან ორივე თამაში ჯგუფში ჩარჩენილებს მოუგო.

ასეთი გახლდათ შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის ადრეული შეხვედრა.

გვიან მატჩში ხორვატია, რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, შეხვდა სერბეთს, რომელიც ბოლო ადგილზე უშანსოდ იყო ჩარჩენილი. 90-იან წლებში ნაომარი ქვეყნების დაპირისპირება სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად მძაფრი რომ იქნებოდა, რად უნდა ლაპარაკი. პირველი ტაიმი სერბეთმა მოიგო — 10:8, მაგრამ, შესვენების შემდეგ ხორვატიამ თამაშის ჩარხი სათავისოდ შემოატრიალა და 24:21 გაიმარჯვა. მთავარ რაუნდს ხორვატია ბელარუსთან მოპოვებული 2 ქულით დაიწყებს.

C ჯგუფში, თავიდან ლატვია და გერმანია შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა იმაზე დაძაბული გამოვიდა, ვიდრე ელოდნენ (რამდენიმე წლის წინ გერმანიამ ლატვიასთან ორჯერ ითამაშა და +18 და +10 ქულით მოიგო). გერმანელებმა ახლაც გაიმარჯვეს, მაგრამ ანგარიშს დააკვირდით — 28:27. ამრიგად, გერმანია მთავარ რაუნდში მეორე ადგილით გავიდა, ხოლო ლატვიური ხელბურთის ისტორიაში პირველი ევრო 0 ქულით და ჯგუფში ჩარჩენით დამთავრდა.

ჰოლანდიამ, სუსტი სტარტის შემდეგ მტკიცე ხასიათის გამოვლენა სცადა, მაგრამ ეს მაინდამაინც ესპანეთთან მოუნდა, ესპანეთი კი საამისოდ მეტისმეტია — 36:25. სამი თამაშიდან სამი მოგებით იბერიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და გერმანიასთან აღებული 2 ქულით ვენას გაეშურნენ, სადაც მთავარ რაუნდში გააგრძელებენ ბრძოლას.

E ჯგუფმა ჯერ მხოლოდ მეორე ტური ითამაშა. მალმიოში ისლანდიამ მოიხსნა ის წყევლა, რომელიც წინა ორ ევროზე არ ახარებდა — რუსეთს 34:23 მოუგო და პირველი ადგილიდან მთავარი რაუნდის კარზე რიხიანად დააკანუნა. ისლანდიელთა თამაშში მთავარი კომპონენტი შეუვალი დაცვა იყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი კუნძულელთათვის დიდებული რამ მოხდა: დანიამ და უნგრეთმა თავიანთი სახელბურთო თრილერი 24:24 დაასრულეს და ხონჩით მიართვეს მთავარი რაუნდის საგზური.