გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო ტურნირების ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომელმაც ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინა.

კერძოდ, გაირკვა, რომ სამმა ფრანგულმა და თითო ირლანდიურმა და ინგლისურმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ესენი არიან „კლერმონი“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ლენსტერი“ და „ექსეტერი“.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, წინა ტურში მხოლოდ ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა და სამწუხაროდ, მათი გუნდები განადგურდნენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის ბოლო შანსებსაც დაემშვიდობნენ.

ბადრი ალხაზაშვილს სეზონში და ზოგადად კარიერაში პირველად ანდეს „ლიონის“ სასტარტო კვაჭობა, თუმცა მისი გუნდი ჩემპიონთა თასის ბოლო ფინალისტთან, ირლანდიურ „ლენსტერთან“ უიმედოდ დამარცხდა – 14:42. ალხაზაშვილმა 60 წუთი დაჰყო მოედანზე.

არანაკლებ მტკივნეული მარცხი განიცადა „მონპელიემ“, რომელიც ინგლისურ „გლოსტერს“ ესტუმრა – 6:29. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ერთბაშად 4 ქართველი მორაგბე იყო. ალხაზაშვილის არ იყოს, უჩა ჭეიშვილსაც სადებიუტო მატჩი ჰქონდა თავისი კლუბის სასტარტოში და უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ქართველმა მარცხენა ბურჯმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, რის გამოც მწვრთნელებს ის არ შეუცვლიათ, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის დიდი იშვიათობაა. სასტარტოშივე იყო კოტე მიქაუტაძეც, ხოლო კიდევ ორი ახალგაზრდა – ლუკა აზარიაშვილი და გელა აფრასიძე შესაბამისად 34-ე და 61-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში.

რანგით მეორე ევროთასზე – ჩელენჯ კაპზე – ქართველთა გაცილებით დიდმა რაოდენობამ ითამაშა, თუმცა ჯერ სატურნირო ამბებზე ვთქვათ.

მეოთხედფინალში ვადაზე ადრე 2-2 ფრანგული და ინგლისური კლუბი გავიდა – „ტულონი“, „ბორდო“, „ბრისტოლი“ და „ლესტერი“.

„ტულონმა“ უელსში ადგილობრივი „სკარლეტსი“ 27:15 დაამარცხა და კვლავ შეუდარებელი იყო ბექა გიგაშვილი. ქართველმა ბურჯმა 49-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა მოედანი, მაგრამ დასვენება ვინ აცალა! 52-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი ჩაანაცვლა და მატჩის დასრულებამდე მოედანზე იყო.

ამრიგად, ტულონელებმა ტურნირის განვლილ ხუთივე ტურში იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გავიდნენ. ასეთივე შედეგი დააფიქსირა „ბორდომაც“, რომელმაც შოტლანდიურ „ედინბურგს“ უმასპინძლა და 32:17 გაისტუმრა. ქართველთაგან მხოლოდ ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, რომელიც ბორდოელთა შორის 50-ე წუთზე გამოჩნდა.

დანარჩენმა „ქართულმა“ გუნდებმა სასტიკად წააგეს და დაწნაურების ყოველგვარი შანსი დაკარგეს. ციმბირულმა „ენისეიმ“ ზედიზედ მეხუთე გამანადგურებელი მარცხი იგემა – ინგლისურ „ვუსტერთან“ გასვლაზე 10:68 წააგო. რუსული გუნდის ქულებში ამ ჯერზე ჩვენებურთა წვლილი არანაირია, თუმცა მინდორზე 5 ქართველი კი ვიხილეთ. ნიკა ხატიაშვილმა 68 წუთი ითამაშა, მისმა სეხნია მესამეხაზელმა სუხაშვილმა მხოლოდ 26, რადგან ტრავმა მიიღო, მიხეილ გაჩეჩილაძემ და დავით მესხმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო დავით კაჭარავა შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.

„სტად ფრანსემ“ საბოლოოდ შეირცხვინა თავი, როცა იტალიურ „ძებრესთან“ უკვე საკუთარ მოედანზეც წააგო – 22:27. პარიზელთა სასტარტოში იყო გიორგი მელიქიძე, ვინც 51-ე წუთზე გამოცვაკეს.

ძალიან დიდი ანგარიშით წააგო „ბრივმაც,“ რომელშიც უამრავი ქართველი გამოდის. 52:3 – ასე დაამარცხა ფრანგული კლუბი „ბრისტოლმა“ და ბრიველთა ის კინკილა 3 ქულა საკუთარ ანგარიშზე თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა, რომელმაც 34-ე წუთზე ზუსტი საჯარიმო შეასრულა და თავისი სატურნირო მონაგარი 31 ქულამდე გაზარდა. თედომ 52-ე წუთამდე ითამაშა, ვასილ ლობჟანიძემ 57-მდე, ხოლო ოთარ გიორგაძემ – 66-მდე. მე-40 წუთიდან მატჩის ბოლომდე ვანო კარკაძემ და კარლენ ასიეშვილმა ითამაშეს – თუმცა გუნდს მეოთხედფინალზე ოცნების შენარჩუნუნებაში ვერ დაეხმარნენ.

ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპების დასკვნითი, მე-6 ტურის მატჩები მომავალ უქმეებზე გაიმართება.