გახსოვთ საედ მოლაი? სახელგანთქმული ირანელი ძიუდოისტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც თავისმა სამშობლომ პოლიტიკურ დევნილად აქცია და ისიც იძულებული გახდა უკანმოუხედავად გაექუსლა. მოლაიმ, ჯერ თავი გერმანიას შეაფარა, შემდეგ კი მონღოლეთს მიაშურა, იქაური პასპორტი აიღო და ამიერიდან საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის ღირსებას დაიცავს.
მოლაის ამბავი კი იმად გაგვახსენდა, რომ მის კვალს სხვებიც დაადგნენ. ძიუდოს და ზოგადად სპორტულ სამყაროში ეჭვი ისედაც არ ეპარებოდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამამლუქებული ირანელი კიმონოისტის ჭმუნვა-წუხილი ტყუილი და მისი ფანტაზიის ნაყოფი როდი ყოფილა და დისკრიმინაციას სხვა სპორტსმენებიც განიცდიან.
2016 წელს, კამია ალიზადე ირანული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა, მაგრამ საედ მოლაის მსგავსად მასაც არ დაუფასეს და სამშობლოდან გააქციეს. ის, ერთადერთი ირანელი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. რიო დე ჟანეიროში ალიზადემ ბრინჯაოს მედალი ტაეკვანდოში მოიპოვა.
„გაუსაძლისი სიტუაციაა. აქ ყოფნა და ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება. მილიონობით ირანელ ქალს შორის ერთ-ერთი ვარ, რომელიც სისტემატიურ შევიწროებას განიცდის. ყოველთვის მორჩილი ვიყავი, მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ არასოდეს წავსულვარ. დავდიოდი იქ, სადაც მიმითითებდნენ, მეცვა ის, რასაც მეუბნებოდნენ და ვამბობდი იმას, რასაც მიბრძანებდნენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ირანის ხელისუფლება ჩემს ექსპლუატაციას ეწეოდა.
კმარა, ამის მოთმენა და ასე გაგრძელება აღარ მსურს. გადაწყვეტილების მიღება, სამშობლო დავტოვო იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ოლიმპიური მედლის მოპოვება იყო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს,“ – წერს 21 წლის სპორტსმენი სოციალურ ქსელში.
კამია ალიზადე უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ირანელი მაღალჩინოსნები მას სპორტის სახეობის შეცვლას დაჟინებით თხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
„ისინი მუდამ მაკრიტიკებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ფეხების აქეთ-იქით ქნევა ქალის საქმე არ არის, ეს ირანულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება და სპორტის სხვა სახეობაში გადადიო,“ – ამატებს ერთადერთი ირანელი ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მანდილოსანი.
21 წლის ირანელი ტაეკვანდოელი საცხოვრებლად ევროპაში გადადის და ცხადია არც კარიერის დასრულებას აპირებს. ამბობენ, მისი გადაბირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნაა დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალური ნიდერლანდების ვარიანტიაო.