შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფში, ვენაში, 40 წლის მეკარის მარტინ გალიას შესანიშნავი თამაშით შთაგონებულმა ჩეხეთმა მაკედონიას 27:25 მოუგო და მთავარ რაუნდში გამსვლელ-დამრჩენების საკითხი ღიად დატოვა.

მარტინ გალიამ 14 დარტყმა მოიგერია, რაც 38 პროცენტიან ეფექტურობას ნიშნავდა. ამავე შეხვედრაში მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა 13 სროლიდან 11 გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში რვა საუკეთესო ბომბარდირის მარაქაში გაერია.

ავსტრიამ ბოლო წუთებში გამოვლენილი მეტი კონცენტრაციისა და ალბათ მასპინძლებისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური უპირატესობის წყალობით უკრაინას 34:30 მოუგო. მატჩის გმირმა იანკო ბოჟოვიჩმა 7 გოლი გაიტანა.

ბოლო ტურში, ავსტრიელებს მაკედონიასთან ფრეც აძლევთ ხელს, უკრაინას კი ჩეხეთთან მოგება სჭირდება.

D ჯგუფში ყველაზე მეტად პორტუგალია ყოჩაღობს. ევროპის ჩემპიონატებზე 14 წლიანი არყოფნის შემდეგ, პირველი რაც ამ გუნდმა გააკეთა სამგზის ჩემპიონის საფრანგეთის დამარცხება იყო, რომელსაც მეორე ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინა მიაყოლა — 27:24. ბოსნიამ კი, შეგახსენებთ, პირველ ტურში ნორვეგიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. ცნობისთვის: ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები ევროზე პირველადაა.

პორტუგალია მთავარ რაუნდშია

საფრანგეთს კი, თუ ჩემპიონატის მთავარ რაუნდში გადასვლა უნდოდა, პორტუგალიასთან წაგების შემდეგ ნორვეგიასთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ვაგლახ, 26:28 დამარცხდა და გავარდა. ახლა ფრანგებს თავი შეუძლიათ იმით დაიმშვიდონ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მათი ვარსკვლავი და „ბარსელონას” ხაზის მოთამაშე ლუდოვიკ ფაბრეგასი იყო. სხვათა შორის, „ბარსელონაში” გადასვლამდე ფაბრეგასი „მონპელიეში” გამოდოდა, სადაც ქართველი ყმაწვილი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს.

D ჯგუფიდან პორტუგალიელები და ნორვეგიელები გავიდნენ.

F ჯგუფში შვეიცარიამ გამოუცდელ პოლონეთს 31:24 აჯობა. შვეიცარიელებისთვის ევროებზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში ეს მხოლოდ მეორე გამარჯვება გახლდათ. ამ დღეს შეუჩერებელი იყო მათი გამთამაშებელი ენდი შმიდი, რომელმაც 15 გოლი გაიტანა.

„ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ”, — დაიტრაბახა შმიდმა მატჩის შემდეგ, ხოლო მას მედიამ შვეიცარიელთა ცნობილი შეძახილი „ჰოპ შვიც!” (მიდი, შვეიცარია!) სათაურებში „ჰოპ შმიდად” გადააკეთა.

სლოვენიელთა და შვედთა შეხვედრა კი ნელი გამოდგა, სადაც ძირითადი ყურადღება დაცვაზე იყო გადატანილი. სლოვენიელებმა მოიგეს 21:19. შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ნაკრებს შვედი მწვრთნელი ჰყავს, სკანდინავიელთა ოქროს თაობის წარმომადგენელი ლუბომირ ვარნიეში, რომელმაც გუნდი საახალწლოდ ჩაიბარა და ევროზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.