გვინდა, არ გვინდა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია – მთავარი ინტრიგა თითქმის მკვდარია. დიახ, ბურთი მრგვალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვენც მოვლენებს წინ ვუსწრებდეთ, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფეხი დაუცდეთ და 30 წლის ნანატრი სანუკვარი ჩემპიონობაც ქართან თუ წყალთან ერთად ისევ პეპ გვარდიოლას „სიტის“ გაატანონ, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი შეგირდები დანარცენებთან შედარებით იმდენად მაღლა და სხვაგან არიან, სასწაულზე მეტი უნდა მოხდეს პრაქტიკულად 17 ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავონ.
მოკლედ, ნისლიან ალბიონზე 2019-2020 წლების სეზონი ჩემპიონის ვინაობა ვგონებთ გარკვეულია, თუმცა პრემიერლიგაში ხომ სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. აგერ, მაგალითად სერხიო აგუერომ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ხოლო „სიტიმ“ მეტოქე მათსავე მოედანზე 6:1 გაანადგურა და აღმოჩნდა, რომ…
არგენტინელ ფეხბურთელს, ინგლისში ბურთაობის მანძილზე 177 გატანილი გოლი დაგროვებია, რითაც „არსენალის“ უდიადესი ფორვარდის, ტიერი ანრის რეკორდი დაამხო. ახლო წარსულში, ლონდონელთა და საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი თავდამსხმელის ანგარიშზე 175 გოლი იყო. ამრიგად, კუნ აგუერო, პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ცხადია, „სიტის“ არგენტინელი შემტევი ამაზე არ გაჩერდება, გოლების რაოდენობასაც გაზრდის და მისი მონაგარიც წლებს გაუძლებს.
და ეს ყველაფერი არ არის. სერხიო აგუერომ პრემიერლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. „ასტონ ვილასთან“ შესრულებული ჰეთ თრიქი მისთვის პრემიერლიგაში მე-12 გახლდათ და მან ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ალან შირერსაც (11) გადაუსწრო.
მოკლედ, „სიტის“ ბოსებს ჩემპიონობით თუ არა, თავის ნუგეში აგუეროს რეკორდებით მაინც შეუძლიათ…