საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი

ერთადერთი, რითაც ახლა შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ იმის ვარაუდია, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კოსოვოსთან ძალა დაზოგა — მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და ორი ტურის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს გუნდი რუმინეთია. ამდენად, პირველ ადგილზე გასვლის თვალსაზრისით, დღევანდელი შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 16 იანვარს, ხუთშაბათს კი თბილისში უკვე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფია ფინეთთან, რომელსაც სამ დღეში საპასუხი მატჩი მოსდევს.

მოკლედ, იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველებმა ძალა დაზოგეს და ეს რომ მართლა ასე იყო, ამას ფინეთთან გამოაჩენენ. თუ ამას დავუშვებთ, მერე შეგვიძლია კოსოვოსთან მატჩი მალე დავივიწყოთ, თორემ ძალიან ძნელია გულში და გონებაში ატრიალო ის, რაც მოხდა: გუნდი თავიდან იოლად იგებდა, პირველი ტაიმის შუაში ანგარიში იყო 11:7 და უცებ — 11:8; 11:9; 11:10: 11:11; 11:12; 11:13; 11:14; 11:15; 11:16!

11:11-ზე წუთშესვენებამაც არ გვიშველა. გასაგებია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს მოედანზე ფაქტობრივად მეორე შემადგენლობა ჰყავდათ გამოყვანილი, მაგრამ გუნდი ისე მოიშალა, რომ მერე ვინც გინდა შეგეყვანა და გაგეყვანა, აღარაფერი გამოდიოდა. მარტივ მაგალითს მოვიყვანთ: 41-ე წუთზე ქართველებმა თავიანთი ნახევრიდან ზედიზედ ორჯერ ისროლეს მეტოქის სრულიად დაუცველი კარისკენ და ერთხელაც ვერ შეაგდეს…

კოსოვო უპირველეს ყოვლისა დაცვაში ჯობდა საქართველოს ნაკრებს, რომელსაც საკუთარი კარის მისადგომებთან საუკეთესო თამაში ნამდვილად არ გამოუვიდა.

პირველი ტაიმი 13:18 დასრულდა. მეორე ტაიმში კი კოსოვოელები ხუთჯერ 8 ქულით, სამჯერ კი 9 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ — 30:21.

დღის მეორე შეხვედრაში რუმინეთმა იტალიასთანაც მოიგო — 29:24. შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა რუმინეთი, მეორეზე კოსოვო, მესამეზე საქართველო და ბოლოზე მასპინძელი „სკუადრა აძურა”.

ასე რომ, ველოდებით 16 იანვარს, 19 საათს, როდესაც თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2022 წლის შესარჩევ ფლეი-ოფში საქართველო ფინეთს უმასპინძლებს. 19 იანვარს  საპასუხო შეხვედრაა. გამარჯვებული გავა მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 32 უძლიერესი ნაკრები ჯგუფებად დაიყოფა და 20 აგდილს გაათამაშებს.