კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარეობს, მესამე დღეს A,C და E ჯგუფებმა ითამაშეს.

გრაცში ერთმანეთს A ჯგუფელები, ხორვატია და ბელარუსი დაუპირისპირდნენ — გუნდები, რომლებმაც პირველ ტურში გაიმარჯვეს. შესაბამისად, მათ შორის მოგებული ცხრილს სათავეში ჩაუდგებოდა. ხორვატებს ბელარუსებთან ოფიციალური თამაში არასდროს წაეგოთ. ნაპარლამენტარი მწვრთნელის ლინო ჩერვარის შეგირდებს არც ამჯერად უღალატიათ ტრადიციისთვის, 31:23 მოიგეს და მთავარი რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ამავე ჯგუფში მონტენეგრომ მოუგო სერბეთს — 22:21. საინტერესოა, რომ მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 2008 წლიდან რეგულარულად გამოდის, მაგრამ წინა 16 შეხვედრიდან 15 წააგო, ერთი კი ფრედ ითამაშა. სხვა სიტყვებით, მონტენეგრომ ევროებზე პირველად მოიგო, ხოლო მოძმე სერბეთი ჯგუფში ჩატოვა.

გეხსომებათ, სერბეთი ის გუნდია, რომლის მწვრთნელმა ნენად პერუნიჩიჩმა პირველ ტურში ბელარუსთან წაგების შემდეგ თავის მოთამაშეებს პრეს-კონფერენციაზე მხდალები და ლაჩრები ეძახა.

C ჯგუფში ჰოლანდიამ ლატვიას იოლად მოუგო 32:24. ესპანეთს კი აგერ უკვე მეორე ტურია თამაშში 33 გოლი გააქვს: ლატვიას 33:22 სძლია, ხოლო გერმანიას 33:26. ამბიციურ იბერიელებს მთავარი რაუნდამდე აღარაფრი აკლიათ.

E ჯგუფის ამბები კი უფრო მღელვარე გამოდგა: უნგრეთმა რუსეთს 26:25 მოუგო. ერთი სიტყვაც რომ არ დავწეროთ, ანგარიშიდან ნათელია როგორი თამაშიც იყო. უნგრელებს გამარჯვება მეკარე როლანდ მიკლერმა მოუტანა, რომელმაც ბოლოწამს რუსების შეტევა მოკლა. ამ მატჩში ყველაზე დიდი უპირატესობა ოთხბურთიანი გახლდათ — პირველ ტაიმში ასეთი სხვაობით უნგრელები იყვნენ წინ.

მალმიოში კი სენსაცია მოხდა! ისლანდიამ დანიას მოუგო —  31:30.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ისლანდიელები ფავორიტებთან მოგებას იმსახურებდნენ. მათ მეტოქეს გარბენილ მანძილშიც აჯობეს და პასების რაოდენობაშიც. ისლანდიამ 749 პასი შეასრულა, ხოლო დანიამ 333.