იაპონურ კოკუტიკანში იანვრის ტრადიციულმა ჰაცუ ბაშომ აიღო სტარტი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ბუნებრივია, ლევან გორგაძის გამოსვლა იყო. ტოჩინოშინად წოდებული ქართველი შოჰოძანთან დამარცხდა. ეს ნაწილობრივ ნეკნის ხრტილის ჯერაც მოუშუშებელი მოტეხილობის ბრალია და ისიც უცნობია, ლევანი ტურნირს ბოლომდე შემორჩება თუ მოხსნას ამჯობინებს.
ხვალ ლევანი ონოშოს უნდა შეხვდეს. მათ შორის აქამდე გამართულ ერთადერთ დაპირისპირებაში იაპონელმა იმარჯვა.
პირველი დღის შეხვედრებიდან გამოსარჩევი იყო იოკოძუნა კაკურიუს მარცხი. ასევე გამოსარჩევია ყველაზე მსუბუქი სეკიტორის – ენჰოს მორიგი სენსაციური გამარჯვება. ცენტნერზე ნაკლებმა ენჰომ ამჯერად 168-კილოგრამიან ტაკარაფუჯის გაადენინა დოჰიოზე ზღართანი.