სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოში ზამთრისა და ზაფხულის სპორტს შორის ცა-დედამიწასავით სხვაობაა. საერთაშორისო შეჯიბრებებში, თოვლსა და ყინულზე ქართველი ათლეტები ისეთი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნიდნენ, როგორც ტატამზე, საჭიდაო ხალიჩასა და ზაფხულის სხვა ინდივიდუალურ და თუნდაც, სათამაშო სახეობებში. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ზამთარ-ზაფხულის ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ფორუმია, ქართულ ყულაბაში აქამდე არცერთი სინჯის მედალი არ ჩხრიალებდა. ცხადია, თეთრ ოლიმპიადებზე ვამბობთ.

ამიერიდან კი ასე აღარ იქნება. 2020 წლის 10 იანვარი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. მართალია ახალგაზრდულზე, მაგრამ მაინც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მედალი მოიპოვა. ეს კი ლოზანაში მოხდა, სადაც  9 იანვარს ნორჩი სპორტსმენებისთვის რიგით მესამე ოლიმპიადა გაიხსნა და მასში 79 ქვეყნის 1800-მდე ათლეტი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში 4 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა და საციგაო სპორტი) 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

ისტორიული მედალი კი სამშობლოს ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავას და ალინა ბუტაევას წყვილმა მოუტანა, რომლებმაც მანამდე  მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მესამე შედეგი აჩვენეს და თავისუფალი პროგრამის წინ, პრიზიორთა შორის მოხვედრაზე სერიოზული  განაცხადი გააკეთეს, რაც საბოლოოდ რეალობადაც აქციეს. ბერულავა-ბუტაევას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა, ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ლოზანაში სულ მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ცხადია, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში წარიმართა უშუალოდ ოლიმპიური ტურნირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ღირსეულად განვლეს, მაღალი ოსტატობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და როგორც უკვე ვთქვით, ისტორიურ შედეგს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ, ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს. კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხური რუსებს ერგოთ.

 

წილი
წინა სტატიატოჩის მარცხებს ბოლო არ უჩანს
შემდეგი სტატიააუტის მეფეები
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...