„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ჯოზე მოურინიომ დაიწუწუნა, აუტებისთვის სპეციალურად ვემზადებოდით და მაინც აუტიდან გავუშვითო. მიაქციეთ ყურადღება: აუტების მოწოდებაში კი არა – მოგერიებაში ვარჯიშობდნენ. ამით სეუ ჟოზემაც აღიარა, რომ ლივერპულელთა ხელში აუტები ჯოჯოხეთურ იარაღად იქცა.
ახლა კი გაიცანით: ტომას გრონემარკი – „ლივერპულის“ აუტების მწვრთნელი. მის შესახებ კლოპმა მშობლიური „ბილდიდან“ შეიტყო. სტატიაში ეწერა, რომ „გლადბახის“ ახალბედა ანდრეას პოულსენმა დანიურ „მიდტიულანდში“ აუტების მოწოდების მანძილი ტომას გრონემარკის დახმარებით 25-დან 38 მეტრამდე გაზარდა. კლოპმა დაურეკა და წელიწადნახევრის წინ გუნდში მიიწვია. იმ დროისთვის გუნდს აუტების წარმატებით მოწოდების პროცენტი 45 ჰქონდა. ახლა ეს მაჩვენებელი 68 პროცენტია – მეორე ევროპაში. პირველი კი „მიდტიულანდია“. გრონემარკს უკვე ყველა იცნობს და ევროპაში უკვე 5 გუნდს ეხმარება. ბოლო შეთავაზება „აიაქსიდან“ მიიღო. მხოლოდ ინგლისში ტომასს 4 კლუბი იწვევდა, მაგრამ კლოპის ხათრით ყველას უარი უთხრა.
გასულ წელს „ლივერპულმა“ აუტიდან 8-9 გოლი გაიტანა. აქ ითვლება აუტის მოწოდებიდან 20 წამში გატანილი გოლები. გრონემარკი აუტებს სამ ტიპად ყოფს: სწრაფი, შორეული და ჭკვიანური. სწორედ მესამე ტიპის იყო აუტი, რომელიც „ტოტენჰემის“ კარში გოლით დასრულდა. ბობი ფირმინომ სპურტით გაიყოლა ვინკსი, საჯარიმოსთან ზონა გამოათავისუფლა და მცირე პაუზის შემდეგ თავადვე შევარდა ამ ზონაში – ვინკსი უკვე დეზორიენტირებული იყო.
„ჭკვიანური“ აუტის დახვეწისას დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორთა ურთიერთგაგებას და „სხეულის ენას“. ამაზე არანაკლებ (მეტადაც კი) მნიშვნელოვანი იურგენ კლოპის თვისებაა, მოუსმინოს ადამიანებს, ვისაც კონკრეტულ საკითხში მასზე მეტი ესმით. წარმატების ფორმულა დეტალებისგან შედგება. ამგვარი დეტალებისგან შექმნა კლოპმა გუნდი-რეკორდსმენი. „ლივერპული“ პირველი გუნდია ტოპ-5 ჩემპიონატიდან, რომელმაც სეზონის სასტარტო 21 მატჩიდან 20 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ლივერპულში უკვე წაუგებელ სეზონზე ალაპარაკდნენ. ყოველ შემთხვევაში, კლოპისგან აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.