უტევს ირაკლი ჩიქოვანი

იტალიის ქალაქ ბენევენტოში დაიწყო ხელბურთელ კაცთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ თანაბრად შევაფასებდით, საქართველოს ნაკრებმა წააგო რუმინეთთან — 24:29. მეორე შეხვედრაში, ტურნირის მასპინძლებმა და კოსოვომ ითამაშეს ფრედ — 26:26. დღეს, კოსოვო რუმინეთს ხვდება, ხოლო საქართველო იტალიას. შეგახსენებთთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას ერთი გუნდი გააგრძელებს.

იმის თქმა, რომ რუმინელებს ვჯობდით და ბედის ან სხვა რაიმე სუბიექტური მიზეზის გამო დავმარცხდით არ გვინდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. გუნდი განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაყოჩაღდა. თუკი შესვენებამდე თამაში დიდწილად „მონპელიეს” თინეიჯერი ინსაიდის გიორგი ცხოვრებაძის აქტიურობასა და სროლებზე იყო დამოკიდებული, შესვენების შემდეგ მოედანზე უკვე გუნდი ვიხილეთ და საქმეც უკეთ წავიდა.

ყველაზე იმედისმომცემი გახლდათ 38-ე წუთი, როდესაც ასევე საფრანგეთში, კერძოდ კი „შამბერიში” მოთამაშე 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ ანგარიში გაქვითა (17:17). ამის შემდეგ ვეტერანმა გოლკიპერმა შოთა თევზაძემ პენალტი მოიგერია, რასაც ქართველთა გუნდის კიდევ ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის პასით უჩა მაისურაძემ მორიგი გოლი მიაყოლა და წინ სერბი მწვრთნელის ნიკოლა მაქსიმოვიჩის შეგირდები გაიყვანა — 18:17.

რუმინელებმა მალევე დაიბრუნეს უპირატესობა — 19:18, რის მერეც ჩიქოვანმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ თამაშის ამ მოკლე მონაკვეთში ის და ლექსო წითელიშვილი მსაჯებმა ორი წუთით, მიყოლებით გააძევეს მოედნიდან.

აქ, ქების ღირსია ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც ჯერ გარღვევითა და ულამაზესი ხელუკუღმა სროლით კიდევ ერთხელ გაქვითა — 20:20, რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა — 21:22, ამის მერე კი შვიდმეტრიანი მოიპოვა და მეტოქე ორწუთიანშიც გაუშვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ვერ ისარგებლა, სასწორის პინა თავისკენ ვერ გადახარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა.

კვირას საქართველო კოსოვოს ეთამაშება, იტალია რუმინეთს.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის ფლეი-ოფში ებმება — 16 იანვარს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს — 19 იანვარს კი საპასუხო მატჩია ფინეთში.

ფინელების ძლევის შემთხვევაში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მოხვდება შესარჩევი შეჯიბრების დასკვნით საფეხურზე, სადაც 32 უძლიერესი გუნდი 20 (!) საგზურისთვის იბრძოლებს.