სულ 38 წუთი დასჭირდა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“, რომ ოლე-გინარ სულშერის „მანჩესტერისთვის“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 23 წელიწადში უმწვავესი ალიყური აეწნა.
ნორვეგიელი მწვრთნელი მოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, კლუბიდან გაშვება ტკბილ სიზმრად მოეჩვენოს. სულშერს სერიოზული პრობლემები შეექმნა მისსავე სამშობლოში.
როცა 2018 წელს ნორვეგიის საგადასახადოში დეკლარაცია წარადგინა, „მანიუსთან“ მსუყე კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული – წლიური 8.7 მილიონი ევროთი ის მესამეა გვარდიოლას (23.5) და მოურინიოს (17,3) შემდეგ. ჰოდა, წლიურ შემოსავლად მითითებული 640 ათასი არავის გაჰკვირვებია, კარიერის მონაგარად 2,3 მილიონის დეკლარირებამ კი ყველა დააეჭვა. ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა იოლად დაუთვალეს, რომ ოლეს სულ მცირე 40 მილიონი ევრო აქვს კაპიტალიზირებული.
სულშერის სახლი ინგლისურ მაკლსფილდში 4,1 მილიონი ღირს. ოდნავ უფრო იაფია მისი ნორვეგიული სასახლე. ორივე ეს ობიექტი ლუქსემბურგის ბანკის გავლითაა შეძენილი, გადამხდელი კი ნორმანდიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა – Lux Nordic. ამ კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ოლეს აგენტი და ძველი მეგობარი ჯიმ სოლბაკენია. კომპანიის ანგარიშებზე ოლემ საგადასახადოს 10 მილიონი ევრო დაუმალა.
რა იქნება მერე? ნორვეგიას ამ მხრივ უმკაცრესი კანონმდებლობა აქვს. სულშერს ან ასტრონომიული ჯარიმის გადახდა, ანაც 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„მანჩესტერი“? ობლად არ დარჩება. იტალიელი მასიმილიანო ალეგრი ხელებს იფშვნეტს და მზადაა, თუნდაც ხვალვე ჩაიბაროს გუნდი. მისი ამოცანა ევროპის ლიგის ფლეი ოფში წარმატებული გამოსვლა და პრემიერლიგიდან საჩემპიონთალიგო ზონაში მოხვედრა იქნება.