შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. გუშინ საქმეში B,D და F ჯგუფის გუნდები ჩაერთნენ.
ვენაში გაიმართა B ჯგუფის დრამატული მატჩი მაკედონიასა და უკრაინას შორის. მისი ბედი ფრანგული „ნანტის” მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა გადაწყვიტა. ლაზაროვმა უკრაინელებს შეხვედრის ბოლო წამებზე გაუტანა გამარჯვების გოლი — 26:25.
„კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ახალგაზრდული, გამოუცდელი გუნდი გვყავს, მაგრამ მეტოქეს ბოლო წამამდე ვებრძოლეთ”, — თქვა პრეს-კონფერენციაზე უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი ბებეშკომ.
იმავე ქალაქსა და იმავე ჯგუფში, კაპიტნის ნიკოლა ბილიკის კარგი თამაშით შთაგონებულმა მასპინძელმა ავსტრიამ ჩეხეთს 32:29 მოუგო. პრესა წერს, რომ ეს იყო ავსტრიელებისთვის საოცნებო სტარტი.
D ჯგუფში ერთმანეთს პორტუგალია და საფრანგეთი შეხვდნენ. წელიწადიც არ არის გასული რაც ეს გუნდები მესამედ გადაიკვეთნენ. ისინი ევრო 2020-ის შესარჩევში იყვნენ ერთად.
ვინაიდან შეჯიბრების კარგად დაწყებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გუშინ ორივე ნაკრებმა ფრიად მოინდომა, მაგრამ გამარჯვება პორტუგალიელებს დარჩათ — 28:25.
იმავე ჯგუფში, ტრონდჰეიმში, 8 ათასი გულშემატკივრის გამხნევებულმა ნორვეგიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, 36:26 აჯობა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს.
F ჯგუფში კი შვედეთმა გეტებორგის გადავსებული ტრიბუნების თვალწინ 34:21 მოუგო შვეიცარიას.
შვედთა მარცხენა ინსაიდმა ლუკას ნილსონმა თქვა: „ჩვენგან ყველა სწორედ ასეთ სტარტს ელოდა და მე ბედნიერი ვარ, რომ მოლოდინი გავამართლეთ”.
ოღონდ, მაშინ, როდესაც მთელი შვედეთი ზეიმობდა, მათი ოქროს თაობის, „ბენგან ბოიზის” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყოფილი გამთამაშებელი ლუბომირ ვარნიეში ახალი გამოწვევისთვის ემზადებოდა — ის სულ ახლახან, დეკემბრის ბოლოს ჩაუდგა სლოვენიის ნაკრებს სათავეში და პოლონეთის ნაკრებთან ჰქონდა ბრძოლა.
შეხვედრა სლოვენიელებისთვის იოლი გასეირნება არ გამოდგა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მეტოქეს პირველიდან ბოლო წამამდე უგებდნენ. საბოლოოდ — 26:23.