ავსტრალიაში ხანძრები ისევ ბობოქრობს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ალმოდებულ კონტინენტს. ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ATP -ის თასის გათამაშებაში მოწოდებულ თითოეულ ეისზე 100 დოლარს გადარიცხავენ ხანძრებთან ბრძოლის ფონდში. ამ სახის ქველმოქმედებაში შეძლებისდაგვარი წვლილი ქართველმა ჩოგბურთელებმაც შეიტანეს, თუმცა უფრო შორს წავიდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი:

“მივფრინავ ულამაზეს ავსტრალიაში და გული მიკვდება ახალი ამბების კითხვისას, როცა წარმოვიდგენ, რა უბედურება ტრიალებს. უკვე გადავრიცხე დახმარების ფონდში გარკვეული თანხა, მაგრამ ეს ცოტაა. სამწუხაროდ, მე გაცილებით ნაკლებ ეისს ვაწვდი, ვიდრე ორმაგ შეცდომას ვუშვებ. მზად ვარ, ადელაიდას ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე დაშვებული ყოველი ორმაგი შეცდომის სანაცვლოდ, ხანძრებთან ბრძოლის ფონდს 200 დოლარი შევწირო. ასე სიკეთესაც გავაკეთებ და ორმაგი შეცდომაც ნაკლებად გამაღიზიანებს. ალექს ზვერევ, ამყვები?” – წერს და კითხულობს ბელინდა სოციალურ ქსელში.

რატომ მაინც და მაინც გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შესთავაზა ბენჩიჩმა ჩელენჯის გაგრძელება? ალბათ იმიტომ, რომ ATP თასის სამ შეხვედრაში მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა ერთბაშად 31 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ჩელენჯი აუცილებლად გაგრძელდება. სიკეთე გადამდებია.