იმედი ბოლოს კვდებაო… „ბასკონიას“ კალათბურთელებს და გულშემატკივრებს ახლა ისე სჭირდებათ ამ ფრაზის ჭეშმარიტება ირწმუნონ, როგორც არასდროს. ანდალუსიური კლუბი მართლაც რომ კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც ევროლიგის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც თვალნათლივ მეტყველებს. კი, აქა-იქ ხმაურიანი გამარჯვებებიც გამოერევა და ამის დასადასტურებლად გონების დაძაბვა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ახლახანს იყო თორნიკე შენგელიას დიდებული გარჯის წყალობით „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ რომ დაამარცხა, მაგრამ იშვიათი გამონათებები გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს. „ბასკონიას“ გაზაფხული კი პლეი ოფში გასვლა უნდა იყოს, როგორც ეს შარშან მოახერხეს.

თავში, იმედი რომ ვახსენეთ სწორედ საუკეთესო რვაში გასვლას უკავშირდება. ასეთი ტემპებით და თამაშის ხარისხით კი ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ევროლიგაში, „ბასკონიამ“ ბოლო 5 თამაშიდან 4 წააგო და 18 ტურის შემდეგ, 7 მოგებით ოდენ მეცამეტე ადგილზეა. შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ საამისოდ მოგებათა გრაფაში მკვეთრი მატებაა საჭირო, თორემ პლეი ოფს ვინ ჩივის, ემანდ ამ პრესტიჟულ ტურნირთან დამშვიდობება არ მოუხდეთ.

ესპანელებთან „ფენერბახჩე“ ფავორიტად კი მიიჩნეოდა, მაგრამ არც ისე უდავოდ, როგორც ეს მატჩის საბოლოო ანგარიშში აისახა – 65:79. იყო მონაკვეთი, როდესაც „ფენერბახჩე სულაც 22 ქულით იგებდა. თანაც სტამბოლელები სტუმრად თამაშობდნენ, ხოლო „ბასკონიას“ ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ შინაურ კელდებში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა, ხოლო მხოლოდ თორნიკე შენგელია დეკოლო-დატომე-ალი მუჰამედ და სხვა მაღალი დონის მოთამაშეებთან მარტო ვერას გახდა – თოკოს მონაგარი 21 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ.

მომდევნო მატჩს, „ბასკონია“ 15 იანვარს სტუმრად „ზენიტთან“ გამართავს. სანქტ-პეტერბურგელები ფსკერზე ყურყუტებენ, მიმდინარე ევროლიგაში აშკარად ყველაზე სუსტი გუნდია და „ბასკონიასაც“ ხასიათთან ერთად, სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოკეთებაც მართებს.