საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას მეფე აბდულას სახელობის ნახევრად ცარიელ სტადიონზე გაიმართა ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა „რეალსა” და „ვალენსიას” შორის. „რეალმა” მოიგო 3:1, ხოლო ტონი კროოსმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

დღეს მეორე ნახევარფინალია: „ბარსელონა”— „ატლეტიკო”. გამარჯვებული კვირას, ფინალში, მადრიდელებს ეთამაშება.

კროოსმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. 39-ზე ისკომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის მე-20 წუთზე ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოდან, დიდოსტატურად აჭრილი დარტყმით მესამე დაამატა. ვალენსიელთაგან ეგრეთწოდებული პრესტიჟის გოლი 90+2 წუთზე პენალტით დანი პარეხომ გაიატანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა VAR-მა იმიტომ დანიშნა, რომ ბურთი სერხიო რამოსს ხელზე მოხვდა.

ერთ ეპიზოდში, კუთხურიდან, თავურით, ისკომ ძელსაც გაარტყა.

„ფლანგების დატვირთვა მეტადაც შეიძლებოდა, მაგრამ ვამჯობინე ისკოსა და ლუკა მოდრიჩს უფრო მოედნის შუაში ეტრიალათ, — თქვა მატჩის შემდეგ „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, — ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მეტოქეს მაღალი პრესინგი შევთავაზეთ და ბურთიც კარგად ვაგორეთ. ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, კარგად შევასხით ხორცი. ყოველ შეხვედრაში ვცდილობთ რამე ახალი გავაკეთოთ.  შემდეგ ჯერზეც ასე მოვიქცევით”.

„რეალს” არ ჰყავდა დაშავებულები ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი და ედენ აზარი, რის გამოც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა სერბმა ლუკა იოვიჩმა, რომელმაც კვლავ ვერ გაიტანა. ამის მიუხედავად, ზიდანმა თქვა, რომ იოვიჩის თამაშით, განსაკუთრებით მუშაობით, კმაყოფილია.