მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ” „იუნაიტედს” 3:1 მოუგო, რამაც „იუნაიტედის” ფანები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელებში ოლე გუნარ სულშერს შეუტიეს.
ეს გახლდათ „კარაბაოს თასის” ნახევარფინალური თამაში, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა ანუ სულშერის გუნდმა შინ წააგო. გულშემატკივრებმა ეს, ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიიღეს და მეორეც, ახლა, საპასუხო მატჩში, „ეტიჰედზე”, ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან — თუკი ფინალში გასვლა უნდათ, ეს 1:3 სტუმრად უნდა შემოატრიალონ.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებისთვის შოკისმომგვრელი გახლდათ ისიც, რომ მათმა გუნდმა სამივე გოლი პირველი ტაიმის 21 წუთიან მონაკვეთში გაუშვა (17, 33,38). პირველი, ცხრიანში ლამაზი დარტყმით ბერნანდო სილვამ შეაგდო (ვიდეო). მეორე, იმავე სილვას გამჭრიახი პასით მეკარესთან პირისპირ შესულმა რიად მაჰრეზმა გაიტანა, სამამდე კი ანგარიში თავად იუნაიტედელმა ანდრეას პერეირამ გაზარდა — ბურთი საკუთარი გუნდის კარში შეაგდო.
გულის მოსაფხანი და მცირე შანსის დამტოვებელი გოლი მასპინძელთაგან მარკუს რეშფორდმა 70-ე წუთზე გაიტანა.
დამთავრდა თუ არა თამაში, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები ინტერნეტს შეესიენ, სადაც გული თავიანთი ფეხბურთელების განქიქებითა და რაც მთავარია, ყველაფრის სულშერისთვის დაბრალებით იჯერეს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონი „იუნაიტედმა” მძიმედ დაიწყო, მაგრამ შემდეგ გამოცოცხლდა. დეკემბერში სულშერის გუნდმა ჯერ შინ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო და შემდეგ სტუმრად სძლია „მანჩესტერ სიტის”, მაგრამ გულშემატკივარი ყოველთვის დღევანდელი დღით ცხოვრობს და ამიტომაც იყო, ბევრმა მათგანმა ნორვეგიელი მწვრთნელის გაშვება რომ მოითხოვა.
„ზედიზედ მეორე თამაშია კარში არ დაგვირტყამს. ვიმეორებ, კარში დარტყმების რაოდენობა გვქონდა 0! კი ბატონო, სულშერთან რამდენიმე კარგი მოგონება გვაკავშირებს, მაგრამ უკვე დროა წავიდეს. ის არ არის იმ დონის მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედს” რომ ედგეს სათავეში”, — ეწერა ერთ-ერთ „ტვიტში” და ეს სიტყვები ბევრი გულშემატკივრის გულისნადებს გამოხატავდა.
უფრო უხეში ციტატების თარგმნისგან თავს შევიკავებთ.