მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული სიმრავლეა, საშობაო და საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ეს ტურნირი მხოლოდ 9 იანვარს განახლდება.
ამდენად, ჩვენც მხოლოდ ტოპ 14-ს მიმოვიხილავთ მთელი ეს პერიოდი. ჰოდა, გასულ უქმეებზე ამ ჩემპიონატში წლის პირველი და პირველი წრის დასკვნითი ტური შედგა. რომლის შედეგადაც საფრანგეთის „ზამთრის ჩემპიონად“ ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის „ბორდო“ გამოცხადდა.
ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა კრისტოფ ურიოსის თავკაცობით საგრძნობი პროგრესი განიცადა, თან კლუბის მესვეურებმა შემადგენლობაც საფუძვლიანად გააძლიერეს. მოკლედ, 13 ტურის შემდეგ ბორდოელებმა 10 მოგებით, 1 ფრითა და 2 მარცხით 47 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარს, ბადრი ალხაზაშვილის „ლიონს“ 3 ქულით უსწრებენ.
გასულ ტურში „ბორდომ“ 22:3, თანაც ბონუსით, „ბაიონს“ საკუთარ მოედანზე სძლია და მდევართან 2-ქულიანი უპირატესობა 3 ქულამდე აიყვანა, რადგან „ლიონმა“ თავისი გასვლა აჟენში გამარჯვებით კი დაასრულა, მაგრამ 13:12 ცხრილში მხოლოდ 4 ქულას იძლევა.
„ბორდოს“ შემადგენლობაში 49-დან ბოლო წუთამდე ყაულაშვილმა ითამაშა, ხოლო „აჟენისა“ და „ლიონის“ შეხვედრაში ორმა ჩვენებურმა ირაგბა – მასპინძელთა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო სტუმრებში 55-ეზე კვაჭი ალხაზაშვილი გამოჩნდა.
წრე მესამე საფეხურზე მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის „ტულონმა“ დაასრულა (36 ქულა), რომელმაც საკუთარ „მაიოლზე“ „კასტრი“ მიწასთან გაასწორა – 43:3. მამუკა კვლავ ისვენებდა, ხოლო ბექამ ზედიზედ ორი სუპერთამაშის შემდეგ კასტრელებთან მარქაფიდან ითამაშა – ბოლო 34 წუთი დაჰყო მინდორზე.
მე-5 საპლეიოფო ადგილზე გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის „რასინგია“, თუმცა ტრავმირბულ ქართველ ბურჯებს არც ამჯერად უთამაშიათ. პარიზელებმა შინ მრისხანე „კლერმონს“ 27:19 მოუგეს, ხოლო „ვულკანთა“ სასტარტოში უბერებელი დავით ზირაქაშვილი იყო, რომელიც 37-ე წუთზე მცირე დაზიანების გამო შეცვალეს. ამ მარცხმა „კლერმონი“ მე-8 საფეხურზე დააქვეითა.
ბოლო, მე-6 საპლეიოფო ადგილზე კი „მონპელიე“ ავიდა, რომელმაც „ბრივს“ უმასპინძლა და ბონუს-ქულა მეტოქეს გაატანა – 29:26. ეს იყო მატჩი, რომელშიც 7-მა (!) ქართველმა ითამაშა. „მონპელიეს“ სასტარტოში ტრადიციულად მიშა ნარიაშვილი და კოტე მიქაუტაძე იყვნენ, რომელმაც განსაკუთრებით კარგად ითამაშა – პირველმა 58 წუთი დაჰყო მინდოეზე, მეორემ – 65. მე-40 წუთზე შეცვლაზე ლევან ჩილაჩავა შევიდა, ხოლო 52-ზე – გელა აფრასიძე.
ბრიველებში კი სამმა ქართველმა ითამაშა. სასტარტოში ოთია გიორგაძე იყო, ვინც 29-ე წუთზე ტრავმის გამო დროებით შეცვალეს, 36-ეზე დააბრუნეს, ხოლო 63-ზე უკვე საბოლოოდ დასვეს სკამზე. ამასობაში, მე-60 წუთზე თამაშში ვეტერანი კახა ასიეშვილი ჩაერთო, ხოლო 58-ზე – ვასო ლობჟანიძე და ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ევროპის ალბათ უძლიერესი ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ორმა ქართველმა 9 ნომერმა ითამაშა!
მოკლედ, „ბრივმა“ სანუგეშო ქულა მიიღო და „კლერმონის“ შემდეგ მე-9 ადგილზეა.
და რა ხდება ცხრილის ფსკერზე? აქაც „ქართული“ გუნდები არიან. ბოლოზე 18 ქულით „აჟენია“, რომელიც სეზონის წინ სერიოზულად დასუსტდა. მე-13 ადგილზე კი ევროპის ყველაზე მდიდარი კლუბია – „სტად ფრანსე“, რომელსაც 20 ქულა აქვს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კვირას პარიზელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და პირველად დააღწიეს თავი ბოლო საფეხურს. ამჯერად აბობოქრებულ დედაქალაქელებს მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ ემსხვერპლათ (30:18), რაც ამ უკანასკნელს საპლეიოფო ზონის დატოვებად დაუჯდა. პარიზელთა შორის კი ბოლო 9 წუთი გიორგი მელიქიძემ ითამაშა.
და ბოლოს, ფრანგულმა „ევროსპორტმა“ ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელიც აბა როგორ შედგებოდა ქართველის გარეშე. ამჯერად მასში „მონპელიეს“ მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე მოხვდა, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ბოლო ხანებში კოტე საკმაოდ შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისგან.