ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე.
„რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც მან მოირგო „ბოკა ხუნიორსი“ იყო. ტიტულოვან არგენტინულ კლუბში ის შარშან ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, რომ იქ დიდხანს ვერ გაძლო და გულმა ისევ შინისკენ გაუწია. „ბოკას“ რიგებში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა… მერე გუნდსაც დაემშვიდობა და როგორც ირკვევა ბუცებსაც.
21-ე საუკუნის იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო წარმომადგენელი დანიელე დე როსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა:
„ტრავმები არ მაწუხებს, არც სხვა რაიმე პრობლემები მაქვს. უბრალოდ სახლში, ოჯახთან დაბრუნების აუცილებლობას ვგრძნობ. განსაკუთრებით ქალიშვილი მენატრება და ისიც იგივეს განიცდის. შინ მივდივარ, მაგრამ მოედანზე აღარ გავალ. ბევრს ეცადნენ გადაეფიქრებინათ, მაგრამ ამაოდ. საფეხბურთო კარიერას ვასრულებ, ბუენოს აირესში კი ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ. ბევრმა არ იცის თუ რას ნიშნავს გეცვას „ბოკა ხუნიორსის“ მაისურა, გქონდეს პატივი მატჩის წინ იყო ამ უდიდესი გუნდის გასახდელში და „ბომბონერაზე“ სათამაშოდ გახვიდე. „ბოკადან“ და მასთან ერთად დიდი ფეხბურთიდანაც მივდივარ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი კვლავ ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული,“ – ამბობს დანიელე დე როსი.
36 წლის ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს „ბოკა ხუნიორსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე ჰქონდა და ამბობენ გუნდის ნაადრევად დატოვების მიზეზი, ახალ პრეზიდენტთან, ხორხე ამეალასთან ურთიერთობის დაძაბვა გახდაო.
დე როსიმ მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა და 19 წელიწადი ტოტისთან ერთად გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. „რომას“ რიგებში მან 459 მატჩში 43 გოლი გაიტანა. ის უმნიშვნელო ფიგურა არც ნაკრებისთვის ყოფილა და 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მონდიალზე „სკუადრა აძურას“ გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა. ისე კი, ეროვნულ ნაკრებში 117-ჯერ ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.
დანიელე დე როსის „სტადიო ოლიმპიკოზე“ კვლავ ვიხილავთ, ოღონდ ფუნქციონერის ამპლუაში. ამბობენ, მას „რომაში“ სამსახური გარანტირებული აქვსო.