არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან.

ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ მოხვდა უბერებელი ნორიაკი კასაი. ხტომის თავხედურ-ხულიგნური მანერის გამო „კამიკაძედ“ მონათლული კასაი უკვე 47 წლისაა.

ასაკი არაფერ შუაშია. ნორიაკი კასაი ნაკვალევზე იაპონიაში ისეთი თაობა გაიზარდა, თავად ვერ ხვდება ნაკრებში. ტურნირის ახლანდელი ლიდერი სწორედ იაპონელი რუიუ კობიაში გახლავთ. კასაი კი დანებებას არ აპირებს და სპორტიდან წასვლის ვადად 2026 წლის ოლიმპიური თამაშები დათქვა. თუ ჩანაფიქრი აისრულა, 2022 და 2026 წლების თამაშები მისთვის მე-9 და მე-10 იქნება.

ნორიაკი კასაი ოლიმპიურ თამაშებში რვაჯერ მონაწილეობდა და სამჯერ პრიზიორიც გახდა. ასეთი ოლიმპიური სტაჟი სულ 10 სპორტსმენს აქვს და მათ შორის ჩვენს ნინო სალუქვაძეს. ნინომ მისთვის სადებიუტო 1988 წლის სეულის თამაშებზევე იჩემპიონა, 2016 წელს რიოში კი უკვე შვილის მხარდამხარ გამოვიდა.

ნინო სალუქვაძისთვის ტოკიო მე-9 ოლიმპიური თავგადასავალი იქნება. ასეთი მიღწევით ორად ორი სპორტსმენი თუ დაიტეაბახებს: აფროსანი ჰუბერტ რაუდაშლი და ლატვიელი ტყვიის მსროლელი აფანასი კუზმინი. ნინოს მათი დაწევა წლეულსვე შეუძლია და წინ მხოლოდ გინესის რეკორდების წიგნის ბინადარი ივან მილარი დარჩება. 1972-2012 წლებში მან მხოლოდ მოსკოვის ოლიმპიადა გამოტოვა და საცხენოსნო სამჭიდში ოლიმპიურ სტარტზე 10-ჯერ გავიდა.

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და ხომ არ გვეკითხა ნინო სალუქვაძისთვის, რა გეგმები აქვს 2024 წელს?