პოლონური Prawda futbolu-სთვის საახალწლოდ მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” 31 ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ ის დრო გაიხსენა, როდესაც 22 წლისა პოზნანის „ლეხიდან” „დორტმუნდში” გადავიდა. დორტმუნდელებს მაშინ „ლივერპულის” დღევანდელი თავკაცი იურგენ კლოპი წვრთნიდა.

ცხოვრებაში რთული პერიოდი მედგა და კლოპი რომ არა, ვინ იცის ჩემი საქმე როგორ წავიდოდაო, უთხრა თაობის ერთ-ერთმა უძლიერესმა თავდამსხმელმა თანამემამულე ჟურნელისტებს.

„საბედნიეროდ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც გამამხნევა. მან ჩემს პიროვნებაზე იქონია დიდი გავლენა, უამრავი რამ მასწავლა და ფეხბურთის სამყაროში შემავალი კარი გამიხსნა” — თქვა პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა.

ცნობილია, რომ იურგენ კლოპს ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი უნარი აქვს. მას შეუძლია ფეხბურთელს ეხუმროს და იმავდროულად ამ ხუმრობას სერიოზული, საქმიანი კრიტიკაც შეუზავოს.

ლევანდოვსკი: „კლოპისნაირი ადამიანის გულისთვის ცეცხლში შეხვალ”.

დღეს 52 წლის მწვრთნელი „დორტმუნდს” 2008-2015 წლებში ედგა სათავეში. 2015 წლიდან ის „ლივერპულს” წვრთნის, რომელმაც გუშინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში, მერსისაიდურ დერბიში, მეორე შემადგენლობით „ევერტონს” მოუგო 1:0.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” პრემიერლიგის ცხრილშიც დამაჯერებლად ლიდერობს და სეზონს იმდენად ძლიერად ატარებს, რომ ბევრის აზრით წინ ვეღარაფერი დაუდგება — 1990 წლის შემდეგ პირველად გახდება ინგლისის ჩემპიონი.

რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის, მან საზარდულის ოპერაცია გაიკეთა ახლა რეაბილიტაციის პერიოდს გადის.