– მესი თუ რონალდუ?
– მესი.
– ტოტი თუ დელ პიერო?
– ტოტი.
როცა 28 დეკემბერს შვედურ ტელეკომპანია SVT-ს ბლიც-ინტერვიუს აძლევდა, თავადაც არ იცოდა, რომ ერთ კვირაში მისგან „დაწუნებული“ რონალდუს და დელ პიეროს „იუვენტუსის“ წევრი გახდებოდა.
ინტრიგა გაგვიგრძელდა და დროა უფრო ახლოს გაგაცნოთ…
დეიან კულუსევსკი 20 წლის აპრილში გახდება, მაგრამ საფეხბურთო იტალია უკვე აალაპარაკა. „ატალანტას“ სკაუტებმა მას შვედური „ბრომაპოიკარნას“ ახალგაზრდულ გუნდში მიაგნეს და 2016 წელს 160 ათასი ევროს სანაცვლოდ ბერგამოში გადააბარგეს. დეიანი ტიპიური შემტევი ნახევარმცველია, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც კომფორტულად გრძნობს თავს. მისი კოზირი დაბალი გამჭოლი პასებია. პირველივე სეზონში „ატალანტას“ კადეტებში 17 გოლი და 15 ასისტი მიითვალა. მომდევნო სეზონში ახალგაზრდულ გუნდში 11+14 დაუგროვდა და ფლეი ოფის საუკეთესოს ტიტულიც ირგუნა.
დეიან კულუსევსკის დებიუტი სერია A-ში შარშან იანვარში შედგა და სეზონის ბოლომდე სულ 103 წუთი მოუგროვდა. ეს გამაცდილება ახალ სეზონში დიდად წაადგა და დეიანის ზღაპარიც დაიწყო. სეზონის დაწყებამდე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „პარმაში“ გაანათხოვრეს.
პირველი გოლი 30 სექტემბერს 79-ე წამზე გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონის უსწრაფესი გოლია. დეკემბრის დასაწყისისთვის მის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 7 საგოლე პასი იყო. ასისტებით დეიანი იტალიაში მხოლოდ „ლაციოს“ ლუის ალბერტოს ჩამორჩება.
დეკებბერშივე „ნაპოლის“ ლამის მარტომ მოუგო. ჯერ მე-4 წუთზე გაუტანა, უკვე დამატებულ წუთებზე კი ჯირვინიოსთან ერთად კონტრშეტევაში გაიქცა, საგოლედ უპასა და – 2:1.
მოკრძალებულ „ატალანტაში“ დიდხანს ვინ გააჩერებდა? ინტერესს „იუვეც“ იჩენდა, მაგრამ „ინტერი“ უფრო რეალური ჩანდა. ტურინელებმა ზაფხულის მომლოდინე მილანელებს დაასწრეს და „ატალანტას“ ტალანტში 35 მილიონი ევრო შესთავაზეს. ბონუსების სახით ბერგამოელებს კიდევ 9 მილიონის მიღებაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში დეიანი თავად პაველ ნედვედზე ძვირი შენაძენი გახდება. დღევანდელი კურსით ჩეხის ტრანსფერი ტურინში 38,5 მილიონი დაჯდა.
დეიანი მო სალაჰის ფანია, უყვარს კალათბურთი, წიგნების კითხვა და კომპიუტერული თამაშები. მაკედონია მისი დედულეთია და სახლის გვერდით სპორტული მოედანიც მოაწყო. მამა შვედი ჰყავს და, გორან პანდევის ხვეწნის მიუხედავად, შვედეთის მოქალაქეობა მიიღო, რამაც შეიძლება ამ ზაფხულს კალათბურთის და მაკედონიური არდადეგების გარეშე დატოვოს – „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ევრო 2020-ის შვედურ განაცხადში უსათუოდ ვიხილავთ.