თითქოს სად „ლივერპული” და სად გლობალური პოლიტიკა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მოგეხსენებათ, 2 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტთან, ამერიკული დრონიდან საჰაერო იერიშით მოკლეს გავლენიანი ირანელი გენერალი ყასიმ სულეიმანი, რამაც მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაძაბა. ამერიკელების განცხადებით, სულეიმანის მათი თანამემამულეების სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი და მომავალშიც ბევრ აგრესიას გეგმავდა, ირანელებმა კი პირობა დადეს, რომ ეროვნული გმირის სიკვდილს არავის აპატიებენ და შურს იძიებენ. ყასიმ სულეიმანი ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალ ხამენეის მარჯვენა ხელი იყო.
და რა კავშირშია ამ ყველაფერთან „ლივერპული”? საქმე ის არის, რომ თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ლივერპული პრემიერლიგის ჩემპიონი ვეღარ გახდება, არადა მერსისაიდელები ამ ტიტულზე 1990 წლიდან ოცნებობენ. ინგლისში სოციალური ქსელები წალეკა „წითლების” გულშემატკივართა პოსტებმა, სადაც ისინი დონალდ ტრამპს ბაღდადის აეროპორტთან ჩადენილისთვის ყველა ბრუნვაში მოიხსენიებენ.
„ეს რა ბედი გვაქვს… მაინცდამაინც ახლა უნდა დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი, როდესაც „ლივერპულს” ჩემპიონობამდე ხელის ერთი გაწვდენაღა დარჩა”, — ეწერა ერთ ქომაგს.
„როდესაც ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი” გახდა, არაფერი მომხდარა და როდესაც „ლივერპული” ხდება მესამე მსოფლიო ომი იწყება” — გაწბილებას ვერ მალავდა მეორე.
მესამემ ტრამპს მოუწოდა პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე კეთილი ინებოს და რამენაირად შეიკავოს თავი მსოფლიო ომის გაჩაღებისგან: „თუ ტრამპი მოახერხებს და ომის ქარ-ცეცხლს აპრილის ბოლომდე მაინც შეაკავებს, ლივერპული შეძლებს კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაამატოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისა და ინგლისის ჩემპიონის სამარადისო ჩემპიონის ტიტულები”.
იყო ასეთი მოსაზრებაც: „საჭიროა სასწრაფოდ მოიწვიონ პრემიერლიგის დირექტორთა საბჭო და სანამ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულა, 2019-20 წლების ჩემპიონის ტიტული „ლივერპულს” გადასცენ.
სანამ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულა, დღეს, 20 საათზე, „ლივერპლული” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში, მერსისაიდურ დერბიში „ევერტონს” მასპინძლობს.