ინგლისურ ფეხბურთთან წლინახევრიანი განშორების შემდეგ უეინ რუნი კუნძულზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში „დერბი ქაუნთის“ კაპიტნის სამკლავურით შეუძღვა მოედანზე. მისმა გუნდმა „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, ახალგამომცხვარმა კაპიტანმა კი საგოლე პასი მიითვალა.

უეინმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, სამი ართმევა გაახერხა და რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა. მოკლედ, ისევ ის რუნია. მან 32 ნომერი აირჩია, რაც თავიდან საბუკმეკერო კანტორა 32 RED-ის ფარულ რეკლამად ჩაუთვალეს, მაგრამ ბოლოს შეეშვნენ.

ასეთი კაპიტნით „დერბი“ აუცილებლად იბრძოლებს ფლეი-ოფის საგზურისთვის. სადღეისოდ ამ ზონიდან რუნი და კომპანიას 8 ქულა აშორებს. კაპიტნობის გარდა ვეტერანი ვარსკვლავი მთავარ მწვრთნელ ფილიპ კოკუს ასისტენტობასაც გასწევს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე გიორგი ქინქლაძე ინგლისურ ფეხბურთს „აიაქსიდან“ სწორედ „დერბიში“ დაუბრუნდა.