მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში ციმციმებდა რა დროსაც თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი და ღირსეული კაპიტანია – ქართველმა კალათბურთელმა, გადამწყვეტ და სარისკო ეპიზოდში სადავეები საკუთარ ხელში აიღო, პერიმეტრის ხაზიდან სამწამიან ზონაში შეიჭრა, ფარქვეშ მყოფ მეტოქე კალათბურთელებს ისე გადააფრინდა და გადაატენა, თქვენი მოწონებული და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 76:74.
ახალი წელი „ბასკონიამ“ ევროლიგაში გამარჯვებით დაიწყო. თანაც ვიტორიელებმა არა ვინმე მაჩანჩალა, არამედ ევროპის ერთ-ერთი ძლიერი „ბარსელონა“ დაიბრიყვეს. ეს გამარჯვება „ბასკონიასთვის“ მნიშვნელოვანთან ერთად ფსიქოლოგიურადაც საჭირო გახლდათ, რადგან გუნდმა 2019 წელი მთლად სახარბიელოდ ვერ დახურა და ზედიზედ სამი მატჩი წააგო.
თოკომ პარკეტზე 31 წუთზე მეტი დაჰყო და გარდა იმ საკვანძო ეპიზოდისა, თავისიანებს აბევრი სარგებელი მოუტანა. ჯამში მან 13 ქულას, 5 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში, „ბასკონია“ 17 ტურის შემდეგ 7 მოგებით მეთორმეტე ადგილზეა და ფლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. მომდევნო ტურში, თოკო და კომპანია კვლავ შინაურ არენაზე სტამბოლის „ფენერბახჩეს“ გაეჯიბრება.