პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამსვლელს ჰგავს — არც მას უნდა გუნდში დარჩენა და აღარც კლუბს ეპიტნავება მისი დატოვება. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასად ზაფხულში 180 მილიონ გირვანქა (211,6 მილიონ ევროს) თქვეს, ნაახალწლევს კი ეს თანხა 100 მილიონ გირვანქამდე (117,6 მილიონი ევრო) შეამცირეს. ესე იგი მყიდველების დაფრთხობა აღარ უნდათ.
პოგბას აგენტი, სუპერ მინო რაიოლა კი იქადნება, მაგ „მანჩესტერ იუნაიტედს” აღარ გავეკარები. ეგენი ვინ ყოფილან, რომ მისცე პელესაც გააფუჭებენ, მარადონასაც და მალდინისაცო. რა საინტერესოა, იტალიელ მეგასაქმოსანს ასეთი ტრიო რატომ მოუვიდა თავში.
„სანმა” „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებშიც გაიკითხ-გამოიკითხა. უთხრეს, რომ პოგბა მენტალურად მათი თანაგუნდელი კარგა ხანია აღარ არის. თურმე, მსოფლიოს ჩემპიონი ამბობს, „იუნაიტედი” „ლივერპულსა” და „მანჩესტერ სიტის” წლებით ჩამორჩებაო, რაც შეიძლება სრული სიმართლე იყოს.
ამრიგად, 26 წლის ფეხბურთელი, რომლის „ოლდ ტრეფორდზე” გადაყვანაში 89 მილიონი გირვანქაა გადახდილი, წასლვას ლამობს. მას ტიტულების მოგება უნდა, „მანჩესტერ იუნაიტედში” კი ამის პერსპექტივას ვერ ხედავს.
ყურადღებას იპყრობს, რომ სექტემბრის შემდეგ პოგბამ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივეჯერ სათადარიგო იყო, მოედანზე შემცვლელად შევიდა. მიზეზად სულ კოჭის ტკივილი სახელდებოდა. ასე, ერთი კვირის წინ, „იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პირველ იანვარს, „არსენალთან” შეხვედრაში პოგბა უეჭველად ითამაშებდა, მაგრამ ფრანგი ლონდონში საერთოდ არ ჩავიდა. ასე თქვა, ჩემი კოჭი საოპერაციო ყოფილაო. თუ ის მართლა გაიკეთებს ოპერაციას, იანვარი რეაბილიტაციას დასჭირდება.
შესაძლოა, ეს ყველაფერი სატრანსფერო ოინებია და სინამდვილეში, იანვარში პოგბა გაიყიდება. მაშინ ისმის კითხვა, ვინ იჩენს მის მიმართ ინტერესს? მყიდველის ძებნას ახლა ხომ არ დაიწყებენ. ყველაზე მეტად „რეალია” დაინტერესებული, ოღონდ აქ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი: პოგბას შეძენას წინ ტონი კროოსის გასხვისება უნდა უძღოდეს. გერმანელმა ფრანგისთვის ადგილი უნდა გაათავისუფლოს.
სულშერი კი დამდგარა და პოგბას საჯაროდ აქებს და აქებს. ამბობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველიაო, თუმცა, ინგლისში ეჭვობენ, რომ ეს გამყიდველის მხრიდან საქონლის ქებას ჰგავს. სინამდვილეში ნორვეგიელს ერთი სული აქვს, ფრანგს ვინმეს როდის შეასაღებსო.