დავიდ ლუისი ამბობს, რომ „არსენალის” შეფების მხრიდან გუნდის მიკელ არტეტასთვის ჩაბარება სწორი ნაბიჯი იყო. ბრაზილიელი მცველი არ ერიდება თამამ განცხადებას, რომ არტეტასგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება — ფეხბურთელის აზრით, ესპანელმა იცის, როგორ ააღორძინოს „მეთოფეები”. ჯერჯერობით კი, „არსენალის” ყოფილ ვარსკვლავს თავისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს.
1 იანვარს ჩრდილოლონდონელებს კარგი გამოცდა ელით: „ემირეით სთედიუმს” „მანჩესტერ იუნაიტედი” ესტუმრება. ეს შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას ანუ უკვე 2 იანვარს დაიწყება.
სტატისტიკა კი ულმობელია: სადღეისოდ, „არსენალს” ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს და პრემიერლიგის ცხრილში როგორც ოთხეულიდან ასევე გასავარდნებისგან თანაბრად არიან დაშორებული.
ბოლოს „მეთოფეებმა” ლონდონურ დერბიში 1:2 წააგეს. ფრედი ლიუნგბერგმა, რომელიც არტეტას მისვლამდე გუნდის დროებითი მწვრთნელი იყო, ამ შეხვედრას დირექტორთა ლოჟიდან ადევნა თვალი. ლიუნგბერგამდე კი, მოგეხსენებათ, „მეთოფეებს” უნაი ემერი ედგა სათავეში. ასე რომ ზემოხსენებული 15 მატჩიანი სტატისტიკა სამ მწვრთნელზე ნაწილდება.
„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ თამაშის ხარისხი რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ, — თქვა ლუისმა, — „არსენალი” უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია. კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი ქნეს, მწვრთნელად არტეტა რომ დანიშნეს. მას ფეხბურთი ისე ღრმად ესმის, რომ აუცილებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება.
არტეტა ახალი ფილოსოფიის დანერგვას ცდილობს. ვფიქრობ, „ჩელსისთან” შეხვედრის პირველ ტაიმში ეს ყველამ დაინახა. უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და მეორე გოლიც რომ გაგვეტანა, მატჩი სულ სხვანაირად დამთავრდებოდა. შესვენების შემდეგ კი ნერვიული თამაში წავიდა. ორივე გუნდი უფრო ბრძოლაზე გადაერთო. ბოლომდე ვიომეთ, მაგრამ „ჩელსიმ” გვაჯობა”.
კიდევ, დავიდ ლუისი შიშობს, რომ უნაი ემერის გაშვებასთან დაკავშირებულმა ისტორიამ მათ გუნდზე შესაძლოა ჯერ კიდევ ცუდად იმოქმედოს. როდესაც ის ერთმანეთს „არსენალს” და „ჩელსის” ადარებს, ასე ამბობს:
„პროცესში ისინი ჩვენზე წინ არიან. მათ ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ერთი ფილოსოფიის შესაბამისად ჩაატარეს ჯერ მთელი სეზონისწინა პერიოდი და შემდეგ თავად სეზონსაც თანმიმდევრულად მიუყვებიან. ჩვენ კი უნდა გავიგოთ, რომ ჩემპიონატის შუიდან გვიწევს ახალი გუნდის შენება.
„ჩელსისთან” ჩვენს თამაშს დადებითი მხარეც ჰქონდა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო უარყოფითი გამოვასწოროთ”.