ცხოვრებას უცნაურობები ახასიათებს და ერთ უცნაურობაზე აქ ვთქვათ: 2019 წელი –  ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და რყევებით სავსე – საოცრად წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტისთვის. თითქოს ქვეყანა სხვა გზით მიდიოდა და სპორტი – თავისით.

მედლები თვლითაა და მოდი, დავითვალოთ.

2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი შეემატა ოლიმპიურ სახეობებში და ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში!

წელს მსოფლიო ამათმა დაიპყრეს:

? ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

? ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

? გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

? ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

? ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

? ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე (დიდები, ახალგაზრდები, ჭაბუკები) ქართველ სპორტსმენთა მიერ სულ მოპოვებულია – 1.224 მედალი. ამათგან 455 ოქრო, 352 ვერცხლი და 417 ბრინჯაო.

ესეც საუკეთესო მაჩვენებელია ქართული სპორტისთვის, ხოლო წინა წელს თუ შევადარებთ, მონაგარი ორჯერ არის გაზრდილი.

წინ კი 2020 წელია, რომელიც ორი უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენით იქნება ჩვეთვის გამორჩეული – ტოკიოს ოლიმპიადით და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატით.

ზემოთ 6 მსოფლიოს ჩემპიონი ჩამოვთვალეთ და რა გასაკვირია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები უპირველესი ფავორიტები იქნებიან?! სხვათა შორის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახლახანს თქვა, ტოკიოში რიოსთან შედარებით მ,ეტ მედალს არა, მაგრამ უფრო ხარისხიანებს კი ველოდებითო.

გავიხსენოთ: რიოში საქართველომ 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიგო.

და თუ ოლიმპიური ოქროები უზომოდ გვახარებს, მაგარამ დაუჯერებელ ამბად სულაც არ გვეჩვენება, 2020-შივე სრულაიდ წარმოუდგენელი რამ შეიძლება მოხდეს – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ორად-ორი მოგება აშორებს და თანაც, თავისივე კალიბრის გუნდებთან. მტკიცება რად უნდა, რომ ვეებერთელა საფეხბურთო ზეიმი არასდროს ყოფილა არც ასე ახლოს და არც ასე რეალურად მიღწევადი.

მოკლედ, 2020 სპორტულ  წელს 2019 -ის წყალი გადასხმოდეს. ჩვენი საახალწლო მოლოცვაც ეს არის.