აბა, პრემიერლიგა მის გარეშე როგორ იქნებოდა. ის კი არადა, უიმისოდ წელიწადზე მეტიც ნამეტანი იყო. არ გამოვრიცხოთ, ინგლისურ ბურთაობას მოედნის კიდესთან მდგომი სემ ელერდაისიც დაუბრუნდეს.

ხუმრობა იქეთ იყოს და მომავალი წლიდან, უფრო ზუსტად კი 1 იანვრიდან დევიდ მოიესს კვლავ საქმეში ვიხილავთ. საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი 2017/2018 წლების სეზონის შემდეგ უმუშევარი იყო, მანამდე კი სწორედ იმ კლუბს ავარჯიშებდა, რომელსაც ორ დღეში ისევ საბურთაოდ დამოძღვრავს.

მოკლედ, დევიდ მოიესი „ვესტ ჰემში“ დაბრუნდა. ლონდონელები უმწვრთნელოდ დიდხანს არ დარჩენილან. „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ, რომელიც „ჩაქუჩებისთვის“ ბოლო 12 შეხვედრაში მეცხრე იყო, მანუელ პელეგრინი თანამდებობიდან დაითხოვეს.

დევიდ მოიესის სამწვრთნელო საქმიანობა ძირითადად ინგლისური კლუბებით შემოიფარგლება. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ის ნისლიანი ალბიონის მიღმა თავკაცობდა ესპანური „რეალ სოსიედადი“ გახლდათ. მოიესის რეზიუმეში „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ფუგურირებს, რომელიც მან დიდი სერ ალექს ფერგიოსონის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, მაგრამ ტკბილად ნამდვილად ვერ მოაგონდება, რადგან „ოლდ ტრაფორდზე“ მან ერთი სეზონიც ვერ  გაქაჩა და მალევე კარისკენ მიუთითეს. სახელი კი მან უდავოდ „ევერტონში“ მუშაობით გაითქვა, მანამდე კი იყო „სანდერლენდი“, მოგვიანებით კი „პრესტონი“.

„ვესტ ჰემი“ სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებს და მოიესსაც რომ გუნდის უფროსობა უმთავრეს მიზნად პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას დაუსახავდა დიდი მარჩიელობა არ უნდა ჭირდებოდეს. ზემოთ ვახსენეთ, რომ მოიესისთვის „ვესტ ჰემში“ მუშაობა უცხო არ არის და თითქმის წელიწადნახევრიან უქმობამდე სწორედ ლონდონელებს ავარჯიშება. მაშინ მან „ჩაქუჩებს“ სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულებინა, რაც კარგ შედეგად არ ჩაუთვალეს, ახლა კი ვგონებთ იგივე პოზიციაზე გასვლისთვის არ გაკიცხავენ, რადგან გუნდი პრემიერშიპში დაქვეითების საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშეა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ 1 იანვარს „ვესტ ჰემი“ შინაურ კედლებში „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება.

წილი
წინა სტატიამამა
შემდეგი სტატიამსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.