„ლივერპულმა” ყოჩაღ „ვულვერჰემპტონს” 1:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კი მატჩის შემდეგ VAR და ვიდეოარბიტრთა სიზანტე გაკიცხა. ამ შეხვედრაში იყო რამდენიმე პაუზა, როდესაც მონიტორებიან ოთახში ეპიზოდს კარგა ხანს არჩევდნენ.

კლოპის აზრით, სანამ ვიდეომსაჯები მომენტს წინ და უკან ახვევენ, ფეხბურთელები დეკემბრის სუსხში იყინებიან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მატჩის ერთადერთი ჩათვლილი გოლი სადიო მანემ გაიტანა. ახლა „ლივერპული” „ლესტერს” 13 ქულით უსწრებს და თამაშითაც ნაკლები აქვს.

კლოპმა თქვა: „დეკემბერია, ხალხო. იანვარი მოდის. გადაწყვეტილების მოლოდინში ფეხბურთელების სიცივეში დიდხანს დაყენება არ ვარგა. ამას სჯობს მსაჯებმა თავად მიირბინონ მონიტორთან და მალევე მიიღონ გადაწყვეტილება.

პირველ ეპიზოდში, როდესაც ამოწმებდნენ იყო თუ არა ხელით თამაში ჩვენი გოლის დროს, მსაჯის მონიტორთან მირბენა აშკარად დაგვეხმარებოდა, მაგრამ ოფსაიდის შემოწმებას მეტი ხანი სჭირდება.

რას  იზამ, დღეს ინგლისში ასეა და ეს არავის არ მოსწონს. „ასტონ ვილასთან” შეხვედრაში ჩვენ ვიყავით საპირისპირო მდგომარეობაში”.

ზემოთ კლოპმა VAR-ის გარჩეული მეორე ეპიზოდი ახსენა. ის „ვულვზის” გოლს ეხებოდა, რომელიც არ ჩაითვალა — ოფსაიდის დაფიქსირებას ხანგრძლივი დაყოვნება და მილიმეტრების ზომვა დასჭირდა.

ვიდეორეფერიზე საუბრის შემდეგ, მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი სხვა თემებზეც გადავიდა. მან თქვა:

„ჩვენს ფანებს, ისევე როგორც გუნდს, კონკრეტული მომენტი აღარ აინტერესებთ. მათ ერთი რომელიმე თამაშის მოგება აღარ უხარიათ. ცალკეული გამარჯვების აღნიშვნა აღარ უნდათ. ისინი ყოველ ცალკეულ მოგებას აღიქვამენ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. დღეს დავაკვირდი. „ვულვერჰემპტონთან” ისეთი მატჩი გამოვიდა, რომ გულშემატკივრებს წესით უნდა ენერვიულათ, მაგრამ არ უნერვიულიათ და ეს ძალიან კარგი იყო.

ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ და ბრძოლას მანამდე განვაგრძობთ, სანამ ვინმე არ გვეტყვის, რომ ქულათა საკმარისი რაოდენობა დავაგროვეთ. რაც ახლა გითხარით, აშკარად საკუთარი ძალების რწმენის საკითხია. საკუთარი თავისა რომ არ გვწამდეს, ასეთი მიდგომა უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა.

ახლა რაც შეეხება პრესას. თქვენ ყოველდღე მეკითხებით, დამთავრდა თუ არა საჩემპიონო ბრძოლა და მეც სულ ერთსა და იმავეს გპასუხობთ, რომ არ დამთავრებულა. თუ გნებავთ გავაგრძელოთ ასე, მაგრამ სხვა პასუხს ნუ ელით.

ვინ უყურებს დეკემბერში დაგროვებულ ქულებს? ეს უბრალოდ ბაზისია, რომელზეც მომავალი გამარჯვება უნდა დავაშენოთ, მეტი არაფერი”.