დრო დროზე სწრაფად გადის, წლები წლებს მიჰყვება და ყველა დარგში, განსაკუთრებით კი სპორტში მოცემულობაც იცვლება, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ დიდი ფულია. 21-ე საუკუნეში, მსოფლიო სპორტში ამა თუ იმ ათლეტთა ჯამაგირის თუ ტურნირების საპრიზო ფონდების მხრივ იმხელა თანხებზეა საუბარი, ძველი დროის უბრალო სპორტსმენები კი არა, ვარსკვლავებიც სიზმრად რომ ვერ ნახავდნენ.
ყველაფერი შედარებითია და ბუნებრივია დიფერენციაცია აქაც არსებობს. კოლოსალური თანხების ფრიალით კი ჩოგბურთი უდავოდ მოწინავე და გამორჩეულია. წელი არ გავა, რომელიმე დიდი სლემის მოახლოებასთან ერთად, საპრიზო ფონდის გაზრდის შესახებ რომ არ გახდეს ცნობილი.
ასე იქნება ამჯერადაც. რაღა დარჩა. 20 იანვარს მელბურნში 2020 წლის პირველი მეიჯორი გახურდება, ორგანიზატორებმა კი სამეფო სპორტის მოყვარულთ და მთლიანად სამყაროს სიამაყით ამცნეს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 71 მილიონ დოლარს გაუტოლდება, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში სარეკორდო ნიშნულია.
„ჩვენ მუდამ ვცილობთ ვიზრუნოთ ჩოგბურთელთა განწყობაზე და მათი მოტივაციის ამაღლებაზე. მელბურნი გელით და გისურვებთ დაუვიწყარ თავგადასავალს“ – ამბობს ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორი კრეიგ ტილი.
ნიშანდობლივია, რომ ტურნირის საპრიზო ფონდს ბოლო 13 წლის მანძილზე გაოთხმაგებამდე ბევრიც აღარ უკლია. 2007 წელს, ის 20 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი როგორც უკვე ვთქვით 71 მილიონს გაუტოლდა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ მიუხედავად საპრიზო ფონდის ზრდისა, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები იგივეს მიიღებენ, რაც შარშან ჩაიჯიბეს – ანუ 4,1 მილიონ დოლარს, რაც შესაძლოა ცოტა უცნაურადაც მოჩანდეს. ისე კი, 2019 წელთან შედარებით ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 13%-ით გაიზრდება.
ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ 20 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მელბურნის კორტებზე ტიტულის დაცვა ნოვაკ ჯოკოვიჩს და ნაომი ოსაკას მოუწევთ.