რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა.
RUSADA-ს გენერალური დირექტორის იური განუსის ცნობით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს წევრთა საერთო თავყრილობაზე შეთანხმდნენ გაასაჩივრონ რუსეთისთვის დაწესებული სანქციათა პაკეტი.
„გაგზავნილი საბუთების პაკეტში შედის შეტყობინების წერილი, RUSADA-ს გენერალური დირექტორის თანმხლები წერილი, დამფუძნებელთა საბჭოს პროტოკოლის თარგმანი და ეთიკის ოფიცრის წერილი“ – განაცხადა იური განუსმა. ის შიშობს, რომ რუსეთის ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება.
9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა.
შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა” ათლეტები, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით და სახელმწიფო დროშის გარეშე გამოვლენ.
რუსეთს ასევე აეკრძალა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა ან მათ ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება.