დრამატული თამაში გამოუვიდათ „ვულვერჰემპტონსა” და „მანჩესტერ სიტის”. „ვულვზმა” მოიგო 3:2, არადა 0:2-ს აგებდა. ეს ჯერ კიდევ არაფერი. შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „სიტის” მეკარე ედერსონი გააძევა. მიზეზი: პორტუგალიელი დიოგო ჟოტა მასთან პირისპირ შევიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და… შთამბეჭდავად წაიქცა. თავდამსხმელსა და გოლკიპერს შორის მცირე კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ კაცმა არ იცის, მეკარე შეეხო თავდამსხმელს თუ თავდამსხმელი მეკარეს. ასე იყო თუ ისე, ჟოტამ სიტუაციით ისარგებლა.
ამის შემდეგ კი, ატკინსონმა ათი კაცით დარჩენილი „სიტის” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. ეჭვი ამ ეპიზოდმაც გამოიწვია, მაგრამ VAR-მა თერთმეტმეტრიანი დაადასტურა. რაჰიმ სტერლინგმა ვერ გაიტანა — რუი პატრისიუმ აუღო. მაშინ, VAR-მა სტერლინგს პენალტი ხელმეორედ დაარტყმევინა — სხვა ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შეცვივდნენო. პატრისიუმ მეორეჯერაც აუღო „ქალაქელს”, მაგრამ… მან ამჯერად წარმატებით დაამატა.
და აი, ასეთი დაწინაურების შემდეგ „სიტიმ” სამი გოლის გაშვება მოახერხა.
ახლა, „ლივერპული” პირველზეა, „ლესტერი” მეორეზე, ხოლო „მანჩესტერ სიტი” მესამეზე. „ლივერპულს” „სიტიზე” 14 ქულით მეტი და ერთი თამაშით ნაკლები აქვს. მერსისაიდელების საშობაო მონაგარს კომენტარი არ სჭირდება — 54 შესაძლებლიდან 52 ქულა აქვთ მოპოვებული.
მატჩის შემდეგ Amazon Prime-თან ინტერვიუში პეპ გვარდიოლამ თქვა:
„ლივერპულის” დაწევა არარეალური ჩანს. ჩვენს შორის უკვე კარგა ხანია დიდი სხვაობაა. ტიტულზე ოცნება ალბათ უნდა დავამთავროთ”.
ბერნარდო სილვა: „ცუდ დღეში ვართ. სეზონის პირველმა ნახევარმა გაგვაწბილა. არავინ ელოდა, საშობაოდ „ლივერპულისგან” ასე შორს თუ ვიქნებოდით, მაგრამ ბრძოლა მაინც უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ტიტულის მოგება უკვე ძნელი საქმეა. არ ვიტყოდი, რომ შეუძლებელია, მაგრამ ძნელია”.
ახლა ისე ჩანს, რომ „ლივერპულს” 1990 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობას ვეღარავინ შეეცილება.