არ არის გამორიცხული, დიდ ოლიმპიურ ოჯახს, კიდევ ერთი წევრი – ვატიკანი შეემატოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი ამბავი იქნება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეს ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება, დიდ პროცედურებსა და დროს მოითხოვს.

პირველი ნაბიჯები, უფრო სწორად იდეა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწონებულია, დანარჩენი კი მონდომება-მარიფათზეა დამოკიდებული.

„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ჩვენი ურთიერთობები ბრწყინვალეა. ვატიკანის ოლიმპიური კომიტეტის შექმნით გვინდა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გამყარდეს. პროფესიული სპორტი ინდუსტრიად, უდიდეს ბაზრად გარდაიქმნა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ხალხს მეტად იზიდავს სპორტის სანახაობრიობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტს აქვს რაღაც სულშიჩამწვდომი. მიუხედავად ამისა, ამ სფეროს ეთიკური რეგულირების კოდექსის მიღებაში უნდა დავეხმაროთ, სადაც ადამიანები ყოველთვის სპორტის შუაგულში დაიკავებენ ადგილს. ეკლესიას სპორტის ღირებულებებში ცვლილებების შეტანა შეუძლია” – ამბობს ქალაქ-სახელმწიფოს სპორტის მინისტრი მელჩორ სანჩეს დე ტოკა.
კითხვაზე, ვატიკანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნას უნდა ველოდოთ თუ არა ახლო ან შორეულ მომავალში, დე ტოკა პასუხობს:

„ასე ვიტყოდი, სადღაც შუალედში უნდა ველოდოთ. დავიწყეთ მძლეოსნობით. მონაკოში ვეწვიეთ მსოფლიო მძლეოსნობის შტაბ-ბინას და  ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებაზე ვიმსჯელეთ. თუ საერთაშორისო ფედერაციისგან აღიარებას მივიღებთ, მაშინ სხვათა შემთხვევაში საქმე გაგვიიოლდება. როდესაც სპორტის ხუთი სახეობა შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებში გაწევრიანდება, მაშინ შეგვეძლება ვიფიქროთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კონსტიტუციაზე, მის ჩამოყალილებაზე და ერთ დღესაც ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვალთ.”

პარიზი-2024-ში ვატიკანის მონაწილეობასთან დაკავშირებით დე ტოკა დასძენს, რომ მისთვის ეს სავსებით რეალურად მოსჩანს.