ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს რაიოლამ ვაჭრობისას. არ არის გამორიცხული რაიოლამ სულშერს გამოუცხადოს, რომ თუ მას ჰოლანდის ყიდვა სურს, პოგბას უნდა შეელიოს.

პოგბა „ოლდ ტრეფორდზე” უკმაყოფილოა. როგორც ინგლისური პრესა ამბობს, მას სულშერთან უთანხმოება არ აქვს, უბრალოდ ხვდება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” შემყურე  კიდევ კარგა ხანს ვერ მოიგებს რომელიმე მნიშვნელოვან ტროფის.

დიდი ხანია ამბობენ, რომ პოგბას მადრიდის „რეალში” სურს გადასვლა და ამაში გასაკვირი არაფერია. თუკი ნორვეგიელ სულშერს „მანჩესტერ იუნაიტედში” ნორვეგიელი ჰოლანდის მიყვანა უნდა, ფრანგ ზინედინ ზიდანს „რეალში” ფრანგი პოგბას მიყვანა რატომ არ უნდა უნდოდეს? და სანამ პოგბა „იუნაიტედში” პრობლემებს ებრძვის, ჰოლანდმა ზალცბურგში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 28 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა ჩააწოდა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს: ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი ზალცბურგელებს 20 მილიონი ევრო (17,2 მილიონი გირვანქა) უღირთ. ხელფასად კი „იუნაიტედი” კვირაში 150 000 გირვაქის დანიშვნას უპირებს.

საინტერესოა, რომ გასულ კვირაში მავანმა ყოჩაღმა ფოტოგრაფმა ჰოლანდი „მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურში გამოიჭირა. ამას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ ყმაწვილკაცის მამას ფოტოს ამბავი სიცილად არ ეყო. მან თქვა, რომ მისი ვაჟი საშობაო არდადეგების დროს მანჩესტერში გადაბარგებას კი არა, კოპენჰაგენში ჩასვლას და გართობას აპირებს. რატომ კოპენჰაგენში და არა ოსლოში, ამას ვერ მოგახსენებთ.

ცნობისთვის: ჰოლანდი ინგლისის ქალაქ ლიდსში დაბადებული ნორვეგიელია. მისი ყიდვა „დორტმუნდს”, „იუვენტუსს” და „ბარსელონასაც” სურთ.