„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუბრაზდა. მოთამაშეებმა ის ფინტებით გააღიზიანეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით „მეთოფეები” პირველად ხვალ, „ბოქსინგ დეიზე”, ანუ შობის მეორე დღეს ითამაშებენ. ეს ბორნმუთში მოხდება.

მოკლედ შეგახსენებთ იმასაც, რომ „ემირეით სთედიუმზე” არტეტამ უნაი ემერი შეცვალა. გასულ შაბათს ის ლივერპულის „გუდისონ პარკზე” „ევერტონისა” და „არსენალის” თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ეს გახლდათ დროებითი მწვრთნელის ფრედი ლიუნგბერგის ბოლო მატჩი ჩრდილოლონდონელთა სათავეში.

დავუბრუნდეთ ფინტებს. არტეტამ ფეხბურთელებს პამპულას თამაში დაავალა, რათა მათ პრესინგის პირობებში ზუსტი პასის გადაწოდება დაეხვეწათ, ზოგიერთმა კი პამპულის ფინტებით მოტყუება დაიწყო. ესპანელი ამან გააბრაზა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ვარჯიში შეაჩერა და გაბრაზებულმა გამოაცხადა:

„ასეთ რაღაცებს თამაშის დროს არ აკეთებთ და აქ რა საჭიროა? მიიღეთ ბურთი, თუნდაც წამის მეათედით მეტი დრო დახარჯეთ და ზუსტი პასი გადააწოდეთ!”

სხვათა შორის, იმავე ვარჯიშზე, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, არტეტამ ფრანგ ალექსანდრ ლაკაზეტს მისცა შენიშვნა: „ფინტებს ნუ აკეთებ, მეგობარო, მიიღე ბურთი და გაიქეცი”.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კი „მანჩესტერ სიტის” თავკაცის პეპ გვარდიოლას ყოფილმა ასისტენტმა კმაყოფილება გამოთქვა:

„ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც განვითარება შეუძლია. ბიჭებს ორ საკითხზე გავუმახვილე ყურადღება და მათი რეაქციით კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად ის მივიღე, რასაც მათგან ველოდი. ვხედავ, რომ ისინი ადრინდელთან შედარებით მონდომებულები არიან. ამაზე მათი სხეულის ენა მეტყველებს. მოკლედ, კარგად რომ დავიწყეთ, ეს უდავოა”.

და ბოლოს მიკელ არტეტა ფრედი ლიუნგბერგს მწვრთნელთა შტაბში ტოვებს. ის შვედს „ევერტონთან” თამაშის შემდეგ საგანგებოდ შეხვედრია და საუბარში გარკვეულა, რომ ლიუნგბერგს „არსენალისთვის” დიდი სარგებლობის მოტანა შეძლებია.