იმ კლუბის ქომაგებმა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაიწყო, ლეგენდა, მოიძულეს.
საქმე იმაშია, რომ უზრუნველ მომავალზე მოფიქრალმა 38 წლის ფეხბურთელმა „მალმიოს“ პრინციპული მეტოქის „ჰამარბის“ წილების 25% შეიძინა.

ცხადია გულშემატკივრებმა ზლატანს ეს ნაბიჯი არ აპატიეს და ქალაქის ცენტრში მდგარი მისი ძეგლი, ცოტა ხნის წინ, შელახეს… თუმცა, რადიკალმა ფანებმა როგორც ჩანს გული ვერ მოიოხეს და იბრას კიდევ ერთხელ შეუტიეს, ამჯერად უფრო ვანდალურად.

ზლატანის ძეგლს „მალმიოს“ გულშემატკივრებმა ცხვრის გამოსახულება მოატეხეს, საღებავებით მოსვარეს და ტუალეტის ქაღალდებითაც შეამკეს.

არადა, ქალაქის თვითმმართველობამ და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი იშრომეს, რათა 3.5 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ნაკეთობა შეექმნათ და მხოლოდ ორი თვეა, რაც მზის სინათლეზე გამოიტანეს.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის, სტოკჰოლმში მდებარე იბრაჰიმოვიჩის სახლის კარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წარაწერა „იუდაა“ გაჩნდა.

მოკლედ, შვედ ქომაგთა ნაწილის განწყობა ზლატანის მიმართ ისე შეიცვალა, თუ ფეხბურთელი შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, გვარიანად უნდა იფრთხილოს, თუმცა ჯერ იბრას ცხვირიცა და თვალებიც აპენინებისკენაა მიმართული…