თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ ეს გვითხრეს:
რომან ფიფია, დინამოს პრეზიდენტი
- კახა ჩხეტიანის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ. ახალი მწვრთნელის დანიშვნის მიუხედავად, „დინამოს“ პოლიტიკა არ იცვლება და აქცენტი ისევ ჩვენი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთდება.
- ხუთი ლეგიონერის ჩამოყვანა გვსურს, მაგრამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, მაღალი კლასის უცხოელ ფეხბურთელებს ჩამოსვლა არ უნდათ. 9 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ 30 ან 50 ათასი დოლარი ფეხბურთელს რომ გადაუხადო, ეს ხარისხის გარანტია არ იქნება. ჩვენ ბევრი ლეგიონერი გვყავდა, თუმცა აქედან რამდენმა გაამართლა? ფასსა და ხარისხს შორის აუცილებელად რაღაც ბალანსი უნდა დაიჭირო.
- ხშირად კრიტიკა მხვდება, რომ მწვრთნელებს ვცვლი. ვინც წარმატებას მიაღწია, არც ერთი გამიშვია. დუშან უჰრინმა ჩემპიონი გაგვხადა, შემდეგ მოვიდა და მითხრა რომ ახალი გამოწვევა აქვს და წასვლა უნდა… როგორ შემეკავებინა? 1 წლის მერე ჩხეტიანი რომ მოვიდეს და იგივე მითხრას, რა ვქნა?
- ყველაფრის მიუხედავად, მსურს „დინამოს“ ესპანელებს მადლობა გადავუხადო. ჩისკოსთან პრობლემა ლიცენზიასთან დაკავშირებით იყო, კლუბმა დახმარება ყველანაირად სცადა, თუმცა…
კახა ჩხეტიანი, დინამოს მწვრთნელი
- „დინამოს“ აკადემიაში საქართველოში გამორჩეული ბავშვები ვარჯიშობენ. რა თქმა უნდა, ვაპირებთ რომ მათ დიდი ყურადღება მივაქციოთ. ქუთაისში, სამწუხაროდ, ასეთი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, როგორიც „დინამოს“ აქვს.
- „დინამო 2“-ის შექმნას ვგეგმავთ, სადაც გამორჩეული ფეხბურთელები უფრო მაღალ ლიგაში ითამაშებენ და უკეთესი გამოცდილება ექნებათ. „დინამოა“ და აქ მოთხოვნა ყოველთვის დიდია, ასე ვთქვათ – ვიჩქარებთ ნელა.
- რაც შეეხება კვასხვაძის ტრანსფერს, ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისი ფინანსური შესაძლებლობებით მოხიბვლას არ ვაპირებ, თავად როინს სურს, რომ „ტორპედოს“ შემდეგ ახალი გამოცდილება მიიღოს და „დინამოში“ თუ არ გადმოვა, სადმე სხვაგან მაინც წავა. ამიტომა, უმჯობესი იქნება, ჩვენთან თუ წამოვა. კაპანაძესთან საუბარი ჯერ არ მქონია.
ზაზა დოლიძე, დინამოს გენდირექტორი
- ჩვენი მიზანი გუნდის ბირთვის შენარჩუნებაა. 8 იანვარს შევიკრიბებით და მაშინ უკვე გუნდი 90 პროცენტით დაკომპლექტებული იქნება. კუცია დაბრუნდა და ჩვენთან ერთად იქნება.
- ნიკა ნინუასთან დაკავშირებით ბევრი წინადადება მივიღეთ. ოპტიმალური ვარიანტი და დრო უნდა შევარჩიოთ, რომ ტრანსფერით კლუბმაც და ფეხბურთელმაც მაქსიმუმი მიიღოს. თუ რომელიმე შემოთავაზება ამ ყველაფერს დაემთხვევა, ვნახავთ…
- იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი დაუმთავრდათ, გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგალითად კუტალიასთან…