საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა.

ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 52-ე წუთამდეც ითამაშა, ხოლო 25-ზე იყოჩაღა და თავისი გუნდის მესამე ლელო დადო. 27 წლის ბორჯღალოსანი ბურჯისთვის ეს სადებიუტო ლელო იყო „ტულონის“ შემადგენლობაში. მატჩი „ტულონის“ მოულოდნელად იოლი გამარჯვებით დასრულდა – 44:19. ამ ბონუსიანი, 5-ქულიანი გამარჯვებით, გორგოძისა და გიგაშვილის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო ზირაქაშვილისა და „ტულონთან“ დასკვნითი 18 წუთის ჩამტარებელ ბექა კაკაბაძის „კლერმონი“ მე-6 ადგილამდე ჩაქვეითდა.

პირველზე კი „ბორდოა“, რომელმაც „ლა როშელს“ 20:15 სძლია. ლიგის ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ბოლო 27 წუთი ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ხოლო ბექა გორგაძე მოედანზე 69-ე წუთზე შეიყვანეს.