იურგენ კლოპმა გულწრფელად თქვა, რომ ყატარში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში, სანამ მისი „ლივერპული” ბრაზილიურ „ფლამენგოს” ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს მოუგებდა, ნერვილულობისგან თავისი დაემართა.

ეს გახლდათ „ლივერპულის” მეოთხე მცდელობა დაუფლებოდა კლუბთა მსოფლიო თასს, რომელსაც ხან საკონტინენტთაშორისო ერქვა და ხანაც სხვა რამ. იცვლებოდა შეჯიბრების ფორმატიც, თუმცა ევროპიდან მასში როგორც წესი ჩემპიონთა თასის მფლობელი (ლიგის გამარჯვებული) გამოდიოდა, ხოლო სამხრეთ ამერიკიდან, ლიბერტადორესის თასის მფლობელი.

წლეულს, ლივერპულელებმა ყატარში ჩატარებულ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ჩემპიონთა ლიგის ფინალში თანამემამულე „ტოტენჰემ ჰოთსფურის” 2:0 დამარცხების წყალობით მოიპოვეს.

„ფლამენგოსთან” დაძაბულ შეხვედრაში ფირმინომ, როგორც მოგახსენეთ, გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაიატანა. მერსისაიდელები ყატარში თითქოსდა აშკარა ფავორიტებად ჩავიდნენ, მაგრამ ნახევარფინალში მექსიკურ „მონტერეისთან” და ფინალში „ფლამენგოსთან” ურთულესი ბრძოლები გადახდათ.

ფირმინოს მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეეძლო გოლის გატანა, როდესაც ბურთი ტექნიკურად დაამუშავა და დაარტყა, მეტოქის მეკარე დიეგო ალვეშიც მოტყუვდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ლივერპულმა” და ფირმინომ საბოლოოდ მაინც გაიტანეს თავისი და „ძველი დიდყურას” (Old Big Ears – ასეც ეძახიან ინგლისში ევროპის ჩემპიონთა თასს) მოგებიდან ხუთთვენახევარში „წითლების” კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კვლავ აღმართა პრესტიჟული ჯილდო.

მატჩის შემდგომ იურგენ კლოპმა განაცხადა: „დიდებულია. ძალიან დაძაბული თამაში იყო. უნდა ავღნიშნო, რომ ცალკეულ მომენტებში, მაგალითად ისეთში, როგორიც ახლაა, ჩემი ბიჭების შესაქებად სწორ სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ეს იყო ბრწყინვალე თამაში ბრწყინვალე მეტოქის წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ დანის პირზე გავიარეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ბევრი ფანტასტიკური ეპიზოდი ვიხილე.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. შეხვედრის მონაწილე ორი გუნდიდან უკეთესი ჩვენ ვიყავით, უპირატესობა ჩვენ გვქონდა. კლუბთა მსოფლიო თასი „ლივერპულმა” პირველად მოიგო. წინასწარ მეკითხებოდნენ, თუ გაიმარჯვებთ როგორი გრძნობა დაგეუფლებათო. ახლა, როდესაც გავიმარჯვეთ, შეგმიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავ გრძნობას ვყავარ შეპყრობილი.

ბობიმ (ფირმინომ) გაიტანა გოლი, რომელიც მისთვის და ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავდა. თუ ამ ჯილდოს მოგება გვინდოდა, მაშინ ძალ-ღონე არ უნდა დაგვეშურებინა და ასეც მოვიქეცით. დღეს ორივე გუნდმა დიდი ენერგია ხარჯა, მაგრამ მგონი დამატებით დროში ჩვენ უფრო საღად ვიყავით”.

„ლივერპულის” გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ ინგლისურმა კლუბმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა კლუბთა მსოფლიო თასი. პირველად ეს „მანჩესტერ იუნაიტედმა” შეძლო 2008 წელს.