ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო.
ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით?
ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად უყვარს ეს გრძნეული სიკტაფელობა.
ამიტომაც გპატიობთ, რადგან საფეხბურთო ამბავში მაინც ჩვენი პატრონი და მეოხი გამოდიხარ.
ჩემპიონთა ლიგა შენგანა გვაქვს, ჰოლანდიის ერთი კარგი თამაში, ბრაზილია – არგენტინის ჯახაჯუხი და პრემიერლიგის საორშაბათო გეიმი.
როგორც პრემიერლიგის მოყვარულს და იქაურ ბურთობაზე ორი სიტყვის დამწერს დიახაც რომ მიხარია – ორშაბათი საღამო ჩემია, ჩემი თამაშია და ჩემი გართობა. მაგრამ დახე ვერაგობას? პრემიერლიგის შაბათ-კვირა „სქაი სპორტსა“ აქვს ნაყიდი და ეს არხი კი საქართველოში არ იპოვება. ორშაბათობით კი არცთუ გადამწყვეტი და არცთუ საინტერესო თამაშებია. იშვიათად, რომ რამე ასეთი გამოერიოს. მაგრამ ლიგის მოყვარულს მაინც ტკბილი საღამო აქვს. თუნდ „ნიუკასლი“ – „ბოლტონი“ ნახე, რაღაც მაინც გამოდნება, „ბარნსლი“ – „ქოვენთრიც“, ასე ვთქვათ, ომია.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ განა საერთაშორისო ფეხბურთის ჩვენებურ ქომაგს უღრუბლო ზეცა და მშვიდი ცხოვრება აქვს?
რა თქმა უნდა, არა.
ზამთარში, როცა მთელი სანი ჯორჯია თავის დროზე რჩება და ბომბეისა და თბილისში საათი ერთ დროს უჩვენებს, განსხვავება ჩვენს მზიურ საქართველოსა და ნისლიან ალბიონს შორის ხუთი საათია. ასე რომ, ჩვენი დროით თამაში ღამის პირველი საათისთვის იწყება.
პირველ საათზე კი თბილისში ის დროა, რომ შუქი პეროვის ბარებში თუ ჩახჩახებს. ასე რომ, ბრახ! და ეგებ ვერც ნახო პრემიერლიგური ჯახი. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ამ სეზონში ხშირად მიღიმის ბედი – განსაკუთრებით – ორშაბათობით. ორში ერთ თამაშს უეჭველად ვუყურებ, თუ არა და სამშაბათს გამეორებას ჩავუჯდები და ეგ არის. გამეორება, ჩვეულებრივ, შუქიან საათებშია.
მაგრამ ეს ოხერი, მე ჩვენს უშუქობას მივტირი და ყისტი კი სულ სხვა მხრიდან დამიდეს.
წლეულს პრემიერლიგურ თამაშებზე სამჯერ ჩაქრა შუქი. სამჯერ ჩაბნელდა სტადიონი და სამჯერ გადაიდო მატჩი. ორჯერ ეს ორშაბათს მოხდა, ორჯერვე იმ დღეს, როცა ჩვენმა მეშუქეებმა ელექტროენერგიით დამასაჩუქრეს. ბედი არ გინდა?
მოდიხარ ქომაგი ვინმე სახლში და ღამეს ტეხ, ისიც არ იცი, მოვა თუ არა შუქი, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული სძლევს გამოძინების სურვილს და ზიხარ და ელი. ბედი შენია – შუქი არ ქრება და ფეხბურთსაც უყურებ.
ორივე კარგი თამაში იყო: „ვესტ ჰემი“ „კრისტალ პალასს“ მასპინძლობდა, თავიდან 0:2-ს აგებდა შიპერლის გოლებით, მაგრამ მეორე ტაიმი დაიწყო და ჯერ ჰარისონმა და მერე ფრენკ ლამპარდ-უმცროსმა ანგარიში გაათანაბრეს. „ვესტ ჰემი“ მომგები ჩანდა, მაგრამ სინათლე გამოირთო და ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ მსაჯმა თამაში შეწყვიტა. ეს იყო ერთი თვის წინათ.
ამ ორშაბათს კი, „უიმბლდონი“ მასპინძლობდა გაფრანგებულ და ბოა მორტეთა „არსენალს“. ჭიდაობა გახურდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. მოთამაშეებს შუბლებიც კი დაუსკდათ. დონებმა ძელსაც გლიჯეს ბურთი და სიმენი ბევრს ყვიროდა. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მოგეცათ ლხენა, მეორე იწყებოდა. გუნდები გვირაბიდან ამოვიდნენ და ისევ არ ჩაქრა შუქი? ორმოცდახუთწუთიანი ლოდინის შემდეგ დავიძინე და დღესაც არ ვიცი, გაგრძელდა თუ არა ის თამაში. ალბათ, არა.
რა უნდა ქნას კაცმა?
სინათლე ან თბილისში არ არის, ან ლონდონში.
ლონდონელო მეშუქეებო (თბილისელებს ადრეც მივმართე) გვაყურებინეთ ორშაბათის პრემიერლიგას.
27.12.1997