მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლაზეც უარი ეთქვათ. სებასტიან კოეს განმარტებით, რუსი მძლეოსნები ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში არ მიუძღვით ბრალი და თუ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ ნდობა აღდგება.

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, რომელსაც World Athletics-ში შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, კვლავაც შეუძლია გახდეს მისი ნაწილი თუ სისტემაში მხოლოდ „სუფთა” სპორტსმენები დარჩებიან.

„ვიდრე აბსოლუტურად კომფორტულად არ ვიგრძნობ თავს, ბოლომდე არ ვიქნები სისტემაში დარწმუნებული და სანამ მას ბოლომდე არ ვენდობი, გარისკვას არ ვაპირებ და არც „სუფთა” სპორტსმენების კარიერას დავაყენებ რისკის ქვეშ,” – განაცხადა სებასტიან კოემ.

9 დეკემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა, თუმცა „სუფთა” რუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშით გამოსვლის შესაძლებლობა დაუტოვა.