მაურისიო პოჩეტინო „რეალის” მწვრთნელი არ გახდება, რადგან „მანჩესტერ სიტის” თავკაცობა სურს. ეს, თითქოსდა ძნელად დასაჯერებელი წინადადება ინგლისურმა „სანმა” დაწერა და მიაწერა სიტყვა ექსკლუზივი ანუ ყველაფერი სწორედ ასე რომ არის, პირველმა მხოლოდ მე შევიყვეო. წინადადება ძნელი დასაჯერებელი იმიტომ არის, რომ ორივე ზემონახსენებ გუნდს ჰყავს მწვრთნელი და მერე როგორი — „რეალს” ზინედინ ზიდანი, ხოლო „მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლა. ამის მიუხედავად, „სანი” ამტკიცებს, რომ მადრიდელებმა ნიადაგი მოსინჯეს — პოჩეტინოს ჰკითხეს, იმ შემთხვევაში თუ ფრანგი კლუბს დატოვებს, მის შეცვლაზე რას იტყვიო.
პოჩეტინოს „რეალის” წარმომადგენლებისთვის უარი უთქვამს, რადგან პრემიერლიგაში სურს დაბრუნება. „სანის” ვარაუდით, არგენტინელს ინგლისში ორი კლუბი ხიბლავს, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „მანჩესტერ სიტი”.
ის, რომ 47 წლის პოჩეტინო „იუნაიტედის” შეფებს ოლე გუნარ სულშერის სავარაუდო შემცვლელთა სიაში პირველ ადგილზე უწერიათ, ცნობილი ამბავია. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდება ხმა, რომ კონტრაქტის მიუხედავად გვარდიოლა ზაფხულში „სიტიდან” წასვლას აპირებს. ამას დაემთხვა „ქალაქელთა” მეორე მწვრთნელის, მიკელ არტეტას „არსენალში” გადაბარგებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცი რომელსაც, სავარაუდოდ, გვარდიოლას შემცვლელად ამზადებდნენ, კლუბის განკარგულებაში აღარ არის. ანუ, ახალი კაცის, ამ შემთხვევაში პოჩეტინოს მოსაყვანად გზა ხსნილია.
ამ ისტორიაში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პოჩეტინომ „რეალს” დიდ ფულზე უთხრა უარი. სწორედ ისე, როგორც ამ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიუმ თქვა თქვა უარი 12 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ „ტოტენჰემში” თავად პოჩეტინოს შეცვლაზე.