„ელ კლასიკოს” (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ.

თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია — ყვითელი კატალონიისა და კატალონიური სეპარატიზმის ფერია. ეს უწყინარი პროტესტი ორგანიზაცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო ორგანიზებული.

ვინც შეხვედრას ტელევიზიით ადევნა თვალი, მიაქცევდა ყურადღებას, რომ ტელეკამერები ბურთების აქციას აარიდეს და ღამის ქალაქის ვერტმფრენებიდან გადაღებულ ხედებს აჩვენებდნენ.

სტადიონზე მისული კატალონიელები ყვითელი ბურთების გარდა ბანერებითაც იყვნენ შეიარაღებულები. ბანერები მეორე იარუსზე, ტაბლოს ორთავ მხარეს გადმოფინეს. მაყურებელმა პლაკატები მოზაიკურად აწყობილი სენიერას დროშასაც შემოუწყვეს. მათზე ეწერა:

„ესპანეთო, დაჯექი და მოგველაპარაკე!”

„თავისუფლება!”

ასეთივე ლოზუნგებით იყო სავსე „კამპ ნოუს” მიმდებარე ტერიტორია „ბარსელონასა” და „რეალის” თამაშის წინ. აქცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო ორგანიზებული.