არის კი მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელობისთვის შესაფერისი? — ეს გახლდათ კითხვა, რომელიც ორსაათნახევრიანი გასაუბრების შემდეგ ჯოშ კრონკის მაინც არ ასვენებდა. მაგრამ ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარ მეწილეზე მეტად იგივე კითხვა ტვინს თავად მიკელ არტეტას უღრღნიდა: არის კი „არსენალი” ის კლუბი, სადაც დღეს მე მწვრთნელად უნდა მივიდე?

37 წლის ესპანელი ცხადია ნათლად ხედავს, თუ რა დღეშია „არსენალი” უნაი ემერის წასვლის შემდეგ. აქ ალბათ ფეხბურთზე მეტად გუნდში შექმნილი ვითარებაა საფიქრალი, თორემ მოედანზე რაც ხდება, ყველაზე ადვილი შესამჩნევია: „მეთოფეებმა” ბოლო შეხვედრა შინ, 0:3, სწორედ იმ „მანჩესტერ სიტისთან” წააგეს, სადაც არტეტა მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

ნეტავ, უნდა გარისკოს კაცმა, რომელიც მეორე როლებში უკვე გაიწაფა და გუნდის დამოუკიდებლად გაძღოლისთვის ემზადება, კარიერის ისეთ არეულ სამსახურში დაწყება, როგორიც „არსენალია”? ერთადერთი მიზეზი, რომელმაც არტეტას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ შეიძლება უბიძგოს, ერთგულებაა — ესპანელი ფეხბურთელობისას ხუთი წლის განმავლობაში მეთოფე იყო.

„არსენალის” დროებითი თავკაცი ფრედი ლიუნგბერგი კი უკვე ხმამაღლა ითხოვს, კლუბის დირექტორატმა დააყენოს საშველი და გუნდი პატრონს ჩააბაროს.

ცნობილი გახდა, რომ „არსენალისა” და „სიტის” თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩრდილო ლონდონელებმა ქალაქ მანჩესტერს მწვრთნელის მთავარი მაძიებელი ვინაი ვენკატეშამი და კონტრაქტების შემდგენი იურისტი ჰას ფაჰმი აფრინეს. მათი ამოცანა ნათელი იყო: არტეტა უნდა დაეყოლიებინათ.

ამ დღეებში უკვე ლამის მეასედ ნახსენები მატჩის შემდეგ, მიკელ არტეტაზე საინტერესოდ ილაპარაკა „არსენალის” კარში სამიდან ორი გოლის გამტანმა კევინ დე ბრუინმა. ჟურნალისტების კითხვას ბელგიელმა ასე უპასუხა:

„ის „მანჩესტერ სიტიში” სამი წლის წინ მოვიდა და თავის საპოვნელად დრო დასჭირდა, რადგან ფეხბურთელობიდან მწვრთნელად გარდასახვა ძნელია. დღეს ის თავის როლს ძალიან კარგად ასრულებს, გუნდს ეხმარება, აქვს თავისი მოსაზრებები, მაგრამ, თუკი დამოუკიდებელი კარიერის წამოწყების საშუალება ეძლევა, ვფიქრობ, ხელი არ უნდა შევუშალოთ. მას უნდა, რომ როგორც მწვრთნელი გაიზარდოს და თუ ასეა, „მანჩესტერ სიტიმ” უნდა გაუშვას”.

თუმცა, თუკი არტეტა შემოთავაზებას დათანხმდება და „არსენალში” გადავა, მას მოუწევს ისეთ სირთულეებთან გამკლავება, როგორიც გახლდათ, მაგალითად, მესუთ იოზილის სიფიცხე კვირის შეხვედრაში შეცვლის გამო. იმავე იოზილის პოსტი „ტვიტერზე”, რომლის გამოც ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ „არსენალისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა აღარ გადასცა ანუ რეალურად ორი კლუბი აზარალა. „ემირეიტ სთედიუმზე” თავმოყრილი, არცთუ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელების ვარსკვლავური ჭირვეულობა და სხვა.

ამ ეტაპზე, „მეთოფეებს” შინ ზედიზედ ექვსი თამაშია არ მოუგიათ — ეს „არსენალისთვის” 21-ე საუკუნის უარესი შედეგია. მოედანზე ლიდერები არ არიან. კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ გულშემატკივრებს აგინა და გარიყეს…

ერთი სიტყვით, არტეტას მართლა ბევრი აქვს საფიქრალი.