მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელ გამარჯვებულს „საბურთალოს“ გია ცეცაძე უთავკაცებს და ეს სულ მალე გაცხადდებაო.

არაფერს ვამტკიცებთ, დაველოდოთ და გავიგებთ, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ცეცაძეს ახლა ახალი სამსახური ნამდვილად სჭირდება, რადგან ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს მიმდინარე შესარჩევი ციკლის დასრულებამდე მოედანზე ვეღარ გაიყვანს. რატომ? უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მას 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან ქართველი მწვრთნელის დასჯის მიზეზი  ნათელია. არავის ჰქონდა ილუზია, რომ 18 ნოემბერს, ქალაქ ნიტრაში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მომხდარი ინციდენტი უკვალოდ ჩაივლიდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ის დაპირისპირება 2:3 წააგო, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთებზე სამწვრთნელი შტაბის წარმომადგენლებს შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომელშიც გია ცეცაძეც მონაწილეობდა, თანაც იმ ეპიზოდში არბიტრს შეაფურთხა, რაც კადრებშიც კარგად ჩანდა. არბიტრმა საერთო ჯამში 5 წითელი ბარათი გამოიყენა, რომელთაგან 3 სათადარიგო სკამზე მსხდომებს ჩამოურიგა.

უეფასგან მკაცრ სასჯელს რომ ვერ გადაურჩებოდა ეს თავად გია ცეცაძემაც იცოდა და ამას შეგუებულიც იყო. ასევე დაისაჯა სლოვაკთა სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი იოზებ შტიბერიც, ოღონდ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, ხოლო ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას დამატებით 6 700 ევროს სახით ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს 2020 წლის ევროშესარჩევში 5 მატჩი დარჩა გასამართი და აქედან 4 შინ. მიუხედავად შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან სტუმრად განცდილი მარცხებისა, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ ისევ არსებობს და საამისოდ იგივე მეტოქეებთან საკუთარ მოედანზე წარმატებული თამაშია საჭირო. 26 მარტს, ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდული ნაკრები ახლა უკვე პრინციპულ მოწინააღმდეგედ ქცეულ სლოვაკეთს მიიღებს და იმედია ჯავრსაც იყრის.

 

 

წილი
წინა სტატიანიკა, თქვი…
შემდეგი სტატიასოფიაში რომ წააგეო…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...