„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა ახსნა, თუ რატომ დამარცხდა გუშინ, მათთან შეხვედრაში, „არსენალი” ასე ულაპარაკოდ — 3:0.
კვირა საღამოს დე ბრუინი დიდებული იყო. მან „ქალაქელთა” სამი გოლიდან ორი თავად გაიტანა ხოლო მესამე ეპიზოდში რაჰიმ სტერლინგს გაუწია ასისტენტობა. თავისი ორი გილიდან ბელგიელმა ერთი მარცხენა ფეხით შეაგდო, მეორე კი მარჯვენათი.
„ლონდონელთა თავდამსხმელები ცდილობდნენ წნეხის ქვეშ ვყოლოდით, მაგრამ მათი შემტევი ოთხეული დაცვის დასახმარებლად უკან აღარ ბრუნდებოდა. ერთადერთი, გაბრიელ მარტინელი მოგვყვებოდა ცოტათი, დანარჩენები კი წინ რჩებოდნენ, რამაც ხელ-ფეხი გაგვიხსნა, სივრცეები გაგვითავისუფლა.
ასეთი თამაშით, „არსენალის” დარჩენილი ექვსი ფეხბურთელისთვის ჩვენი შეტევებისგან თავის დაცვა ძნელი იყო. შეგვეძლო ყველა მხრიდან დავსხმოდით მათ კარს თავს”, — თქვა დე ბრუინმა და როგორც „სანი” წერს, ფაქტობრივად პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნიკოლა პეპე და მესუთ იოზილი გააკრიტიკა.
ამრიგად, „მანჩესტერ სიტისთან” „არსენალს” ის შეხვედრა გამოუვიდა, რომელიც „არსენალის” დროებითმა მწვრთნელმა ფრედი ლიუნგბერგმა ჯობს, რომ დაივიწყოს. 42 წლის შვედმა მატჩის შემდგომ თავისი თავისი პოზიცია არ დამალა და ჩრდილოლონდონელთა პატრონებს მოუწოდა უნაი ემერის შემცვლელის დანიშვნას ბოლოს და ბოლოს დააყენონ საშველი. მან თქვა:
„მე დირექტორატს ვუთხარი, რომ უკვე დროა რამე გადაწყვიტონ. ჩვენ კი ვეხმარებით როგორც შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ახალი მწვრთნელის მოყვანის დროა. და ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთივე რესურსი, როგორიც სხვა კლუბებს აქვთ. ამაზე მათ მიპასუხეს, რომ დაიცდიან და შეხედავენ”.