აბა, რა სასიამოვნოა ასეთ საკითხზე წერა? აგერ რამდენი ხანია, ეს ამბავი მიმდინარეობს და ერთხელაც ვერ ავავსე სვეტი საჭირო მასალით. მიზეზი ესაა: ამ ამბავში მადლს ვერა ვხედავ და კიდევ – ერთი ალალი ხელის ჩამორთმევა მირჩევნია მთელს ამ ისტორიას. არა იმიტომ, რომ კარგი ვინმე ვარ და აი, ეგეთი მიჭირავს, რომ ჰა, დაუხოციათ ერთმანეთი, რატომ უნდა დავწერო რამე-თქო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი სამოქალაქო ომია.

სამოქალაქო ომი კი, ყველამ კარგად ვიცით, რაც არის.

ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის დეპარტამენტის წინააღმდეგობა, რომლის გამომზეურებული მიზეზი ქართული ფეხბურთის მომავალია, არ შეიძლება რევოლუციურ ჭიდილად აღვიქვათ.

ქომაგთა შორის ვერ იპოვი კაცს, ფედერაციის საქმიანობა, სტილი და ასეთი რამეები რომ მოსწონდეს. მაგრამ განა ბევრს იპოვი ისეთს, რომ სჯეროდეს, აი, დეპარტამენტი მოუვლის ფედერაციას და საქმეები კარგად წავაო? მე თავისუფალ ხალხზე ვამბობ, თორემ რახან ორი ბანაკი არსებობს, მათ მხარდამჭერებიც მოეძევებათ.

საქმე მიდგომაშია და სხვა არაფერში.

მე შემიძლია მოვიყვანო ათი მიზეზი, რომელთა გამოც არ მომწონს ფედერაციის საქმიანობა. ასევე შემიძლია მოვიყვანო ათი მიზეზი, რომელთა გამოც გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ დეპარტამენტი სწორად იქცევა და ალალ ლოზუნგს ასი პროცენტით გაამართლებს.  მაგრამ მე არც ერთ მიზეზს არ გამოვაცხადებ იმიტომ, რომ ეს სუბიექტური შთაბეჭდილებებია და არა მიზეზები.

სუბიექტური რამე-რუმეების გადაწყვეტა კი ნორმალურ ალაგას მხოლოდ უფალ სუდში ხდება. გაქვს ღირებული საბუთი? მორჩა და გათავდა, თორემ აბა ასეთ საქმეში მორალურ საბუთებს რომ უფალი სუდი იღებდეს, ჩვენა, ყველანი სადღაც სხვაგან ვიქნებოდით. სუდი შინაური კოდექსით ხელმძღვანელობს და არა ათი მცნებით.

ესეც არ იყოს, ჩვენი დემოკრატები ამბობენ, ამგვარი ჭიდილი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო დაწესებულების ჩარევა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმეშიო. დემოკრატები მებრძოლი ხალხია და პარალელელების გავლება ეხერხებათ. ისინი ამბობენ, რომ დეპარტამენტის მიერ ფედერაციის საქმეებში ჩარევა იგივეა, რომ ვთქვათ, პრეზიდენტმა ბრძანებით გაათავისუფლოს ქალბატონი სარიშვილი ედპ-ს უფროსობიდანო. ეს მაგალითები იქეთ იყოს, ჩვენ კი ფეხბურთზე უნდა ვლაპარაკობდეთ. ბევრი ჩვენებური კლუბი პაიჭაძის სტადიონის ახლო ყიდულობს მაისურებს და ჩვენა გვყავს „ტოტენჰემის“ და „აიაქსის“ სამოსში ჩაცმული გუნდები. ეს ტრაგედიაა. ჩვენა გვყავს პირველი ჯგუფის უამრავი გუნდი, უნდა გვყავდეს კი მხოლოდ ათი, უნდა გქონდეს ნორმალური ბალახი, უნდა ისწავლო მწვრთნელობა და ათასი სხვა რამ. განა ფედერაცია გეგმაზომიერად და ალალად მოქმედებს? ძნელია, დაიჯერო.

ისევ ვიმეორებ, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც არ უნდოდეს ჩვენი ფეხბურთის წინსვლა. აბა, ვინ დაიცავს ფედერაციას? მაგრამა, აბა ვის მოუნდება, რომ ეს საქმე მინისტრებმა გადაწყვიტონ? ეს ძველი დროის სურათია. მოხსენი, მოხსენი და ა.შ. ისევ და ისევ – სასამართლო. სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზის მაძიებელი წაგებულია. იმიტომ, რომ, ასე თქვი, ისე თქვი, საქართველოში არ არის გენერალ სანი აბაჩას რეჟიმი. და უხმაუროდ, დიქტატორის ბრძანებით, საქმეს ვერ მოიგებ. ახლა ისეთი დროა, რომ მთელი საქართველო სასამართლო დარბაზში დგას. ეს დემოკრატიის დაწყების ერთი პატარა ნიშანია. ძველი დრო მიდის და ძველებურად ვერაფერს მოინადირებ.

აი, ეს არი მიდგომის საკითხი. თუ უფალ სუდში ვერაფერი მიგაქვს. კაცს ვერაფერს მოუხერხებ, ეგრე ამობებენ ამერიკაში.

ამიტომაც იწერება დოქტორი ბლატერი, ძვირფასო ბატონებო, კეთილი სურვილებით გთხოვთ, თუ რაიმე გაგიჭირდათ, აქა ვართო. მეტი არაფერი. ამ დოქტორმა ბლატერმა იცის.

ეს ასეა, მაგრამ რაღა ჩვენს ფეხბურთზე მწერალ მედიას? ფედერაცია-დეპარტამენტის „მშვიდობიანი სამოქალაქო“ არც ჟურნალისტებისთვის არის ლხინი. ჯერჯერობით, საქართველო მაინც ლაპარაკის ქვეყანაა და არა წერისა. ნაწერს ორი იმდენი ლაპარაკი ახლავს და ჩვენი მედიის ბიჭებს შორის წყენა იფეთქებს ხოლმე.

წყენა, ძირითადად, გაუგებრობებს ეფუძნება. ამიტომაც, აბა რა სასიამოვნოა ასეთი სვეტის წერა? ამას ყველაფერს ალალი სალამი სჯობია. თუმცა „სამოქალაქოს“ ესა აქვს ცუდი, რომ შენ სადაც არ უნდა დაიმალო, მაინც რომელიღაც ფრონტი მოგაკითხავს. ამიტომ, კვლავ და კვლავ, უფალი სუდი!

სულ არ გვინდა იმ ჩვენი დოქტორი ბლატერის კეთილი სურვილები, რომლებიც სულაც არ ჩანს კეთილი და ტკბილი. არ ვიცოდეთ მაინც, რომ მიწაზე ანგელოზები არ დადიან და არც სეუ ჟუაუ და მისი დოსტები არიან ასეთები.

13.12.1997

წილი
წინა სტატიაკლოპი ავდარში შეთანხმდა
შემდეგი სტატიაქუთაისმა თბილისს თავი დაუთმო
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.