პატრიკ ვიეირა

„ევერტონი” ძალიან მოწადინებულია. ლივერპულელთა უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს ძალიან უნდა სამსახურში „ნაპოლის” მიერ ახალგაგდებული კარლო ანჩელოტი რომ აიყვანოს და ჩქარობს, რათა „არსენალმა” არ დაასწროს. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ანჩელოტიმ „ნაპოლი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ სერია A-ში ცუდი შედეგების გამო იტალიურმა კლუბმა ის მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან.

„სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილი თავკაცის წარმომადგენელი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც მას სხვებზე ადრე „ევერტონის” ხალხი მიცვივდა. სხვა სიტყვებით, ანჩელოტის აგენტს მერსისაიდელებმა ლონდონის აეროპორტიდან არსენალელ კოლეგებამდე მისვლა არ აცადეს, გზად მიუხდნენ და თავად დაელაპარაკნენ.

ანჩელოტისთან დაახლოებულმა ხალხმა თქვა, რომ იტალიელ მწვრთნელს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს „ევერტონს” ის ყველაზე სასურველ ვარიანტად მიაჩნია, „მეთოფეები” კი ჯერ ვერ გარკვეულან ვისი სული სურთ.

როგორც ამბობენ, ანჩელოტი მზად არის ყოველგვარი პაუზის გარეშე თავით კვლავ საქმეში გადაეშვას, მითუფრო, რომ „ნაპოლისთან” საკომპენსაციო თანხის საკითხი მოგვარებული ჰქონია და ხელს აღარაფერი უშლის. იმასაც ამბობენ, რომ მას ლონდონში ურჩევნია დაფუძნება, თუმცა კატეგორიულად არც „გუდისონ პარკზე” გადაბარგებას გამორიცხავს.

საინტერესოა, რომ „არსენალში” ახალი მწვრთნელის შერჩევაზე პასუხისმგებელი გახლავთ ფეხბურთის დირექტორი ედუ (ჩრდილოლონდონურ კლუბში თამაშობდა 2001-2005 წლებში), რომელსაც, თითქოს, ყველაფერს „მეთოფეთა” ლეგენდის პატრიკ ვიეირას მწვრთნელად აყვანა ურჩევნია.