გახსოვთ, ლიბერტადორესის თასის შარშანდელი ფინალი, რომელშიც ორი არგენტინული კლუბი და დაუძინებელი მტრები „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ უპირისპირდებოდნენ?! ვეჭვობთ, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ქომაგებს დავიწყებოდათ, რადგან იქაური გიჟმაჟი გულშემატკივრების შეტაკებები გამო ფინალი, რომელიც ორი მატჩისგან შედგებოდა რამდენჯერმე ჩაიშალა და კენმობოლსაც მისი გადადება მოუხდა.

დაახლოებით იგივე სცენარი იძერწება მოახლოებული ელ-კლასიკოს ირგვლივაც, რომელიც ლა-ლიგის ხელმღვანელობამ ერთხელ უკვე გადადო, მაგრამ ისეთი პირი უჩანს მშვიდად ვერც ამჯერად იქნებიან.

„ბარსელონა“ „რეალის“ ჯახი ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ იმ პერიოდში კატალონიის დედაქალაქში არეულობა და დიდი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ამიტომაც, ესპანური ფეხბურთის ბოსებმა ცეცხლზე ნავთი აღარ დაასხეს და დანა-სისხლად მყოფი ორი გუნდის დაპირისპირების 18 დეკემბრისთვის გადატანა ბრძანეს.

მატჩის მოახლოებასთან ერთად, „ბარსელონას“ და „რეალის“ ერთმანეთთან ისედაც უბრად მყოფ ქომაგებშიც დუღილის ტემპერატურა მატულობს. რთული დღის მოლოდინში არიან კატალონიელი სამართალდამცავებიც, რომლებმაც ლა-ლიგაში ოფიციალური წერილი აფრინეს, იქნებ მატჩი ისევ გადადოთ, რადგან უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ვიძლევითო. საქმე იმაშია, რომ ბარსელონაში ზუსტად 18 დეკემბერს ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ელოდებიან და ქალაქში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. პოლიციელების განმარტებით, სამართალდამცავთა ძირითადი ნაწილი სწორედ საპროტესტო აქციების მუხტის დასაშოშმინებლად და არეულობების თავიდან ასარიდებლად იქნება მიმართული, ხოლო თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობის გამო დიდია რისკი სამეფო კლუბის ავტობუსის „ნოუ კამპისკენ“ გადაადგილება მშვიდობიანად ვერ ვუზრუნველყოთო.

მოკლედ, კატალონიური პოლიცია კატეგორიულად ითხოვს 18 დეკემბრის ელ-კლასიკო ისევ გადაიდოს ან დაუშვან პრეცედენტი და ის ესპანეთის დედაქალაქში გაიმართოს, ხოლო „კამპ ნოუმ“ ელ-კლასიკოს მეორე წრეში უმასპინძლოს.

რთული სათქმელია, დათანხმდებიან თუ არა კატალონიური პოლიციის მოთხოვნას ლა-ლიგაში, მაგრამ ზედმეტ თავის ტკივილს ალბათ ურჩევნიათ ბარსელონელი სამართალდამცავების ნებას დაჰყვნენ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

წილი
წინა სტატიათელავი და სამტრედია ეროვნული ქალაქებია!
შემდეგი სტატიადაჭერობანა ლონდონში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...